გიორგი შაქარაშვილის საქმე

მცხეთის სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა პროცესი დაიწყო

პირველი არხი

მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნთა პროცესი დაიწყო.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვანი ექვსია.

ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართავს და მოითხოვს:

  • აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლას;
  • ზოგიერთი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას;
  • სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას;

თუმცა, გელხაურის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ პროცესზე რამე არსებითად შეიცვლება.

კიდევ ერთი ადვოკატი, რომელიც არასრულწლოვან ლ.შ-ს ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს დაამტკიცებს.

ბრალდების მხარე კი ბრალდებულებისთვის პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვს.

"მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილია საქმეში, ადასტურებს წარდგენილ ბრალდებას". - ამბობს პროკურორი.

28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 11 სრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ცალკე გამოყო და წინასასამართლო სხდომის 1 თვით გადაწევა მოითხოვა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

27 ივლისის პროცესზე სასამართლომ 11 სრულწლოვანი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.

ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე კი წინასასამართლო სხდომა დღეს ტარდება. შუამდგომლობების დაყენების შემდეგ მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

თავდაპირველად გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. თუმცა ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები