ბრენდის ექსპერტი: მიმდინარე გამოძიებამ შეიძლება ელენ დეჯენერესის კარიერა დაასრულოს

ელენ დეჯენერესის შოუ.

ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლების ბრალდებების შემდეგ, ელენ დეჯენერესის შოუში გამოძიება მიმდინარეობას, რომელსაც მისი მშობელი კომპანია WardnerMedia ატარებს.

ორი დღის წინ, Variety-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც WarnerMedia-მ შოუს თანამშრომლებს შეატყობინა, რომ ისინი სხვა ორგანიზაციასთან ერთად გამოძიებას იწყებდნენ და ყველას გამოჰკითხავდნენ.

Reputation Management Consultants-ის თავმჯდომარე, ერიკ შიფერი ამბობს, რომ გამოძიების შედეგები შეიძლება ელენ დეჯენერესის კარიერისთვის სასიკვდილო განაჩენივით იყოს.

"ის შეიძლება ამერიკელი სელებრითების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითობის შემოქმედი გახდეს. სერიოზული გამოძიება მიმდინარეობს და თუ შედეგები ისეთივე იქნება, როგორსაც ცნობები გვაუწყებენ, მაშინ თქვენ ნახავთ ელენის შოუს ბუმს." - ამბობს შიფერი.

მისივე თქმით, ის არ გაუკვირვებია იმ ბრალდებებს, რაც ელენ დეჯენერესის მიმართულებით ისმის.

"ძალიან ბევრი ადამიანის მტკიცება სანდოა. WarnerMedia უმოქმედობის შემთხვევაში საზოგადოებისგან რისხვას მიიღებდა." - ამბობს ის.

ჯერჯერობით ელენ დეჯენერესს გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

----

"იყავი კეთილი და მსგავსი სისულელეები მხოლოდ მაშინ არის აქტუალური, როდესაც კამერა ჩართულია. ვიცი, რომ ისინი ფინანსურად ეხმარებიან ადამიანებს, მაგრამ ყველაფერი შოუსთვის ხდება." - ამბობდა ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი Buzzfeed News-თან ელენ დეჯენერესის შოუზე საუბრისას.

ელენ დეჯენერესი და მისივე პროდიუსერების გუნდის "სამსახურში ტოქსიკური გარემოს შექმნაში" 10-მა ყოფილმა და ერთმა მოქმედმა თანამშრომელმა დაადანაშაულეს. მათ ანონიმურად დარჩენა ისურვეს.

ისინი ყვებიან, რომ მათგან უმეტესობა სამსახურიდან იმისთვის გააგდეს, რომ ექიმთან მისვლის ან ახლობლების პანაშვიდზე დასწრების მიზნით უქმე დღე მოითხოვეს. მათივე თქმით, ისინი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ელენ დეჯენერესის დანახვის შემთხვევაში, მას არ გამოლაპარაკებოდნენ.

Buzzfeed News-თან შოუში რასიზმის პრობლემაზე საუბრობს შავკანიანი ქალი. მისი თქმით, ის წელიწად-ნახევარს ელენ დეჯენერისთან მუშაობდა. ქალი ამბობს, რომ მას საშუალო რგოლის პროდიუსერი მუდმივად დასცინოდა კანის ფერის გამო, ერთხელ კი სცენარისტმა უთხრა, რომ მხოლოდ თეთრკანიანების სახელებს იმახსოვრებს, რასაც ოფისში სიცილი მოჰყვა.

"როდესაც ჩემი პრობლემების შესახებ ჩემს თეთრკანიან უფროსს ვუამბე, მან თავისი შავკანიანი მეგობრის შესახებ სიტუაციისთვის შეუსაბამო ისტორიის მოყოლა დამიწყო. თითქოს მისი მეგობარი იმისთვის ახსენა, რომ ჩემთვის ეთქვა, შენი მესმისო." - ამბობს ქალი.

Buzzfeed News-თან საუბრისას ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ამბობენ, რომ პრობლემებზე საჯაროდ საუბრისას მათ თანამშრომლებმა მხარი არ დაუჭირეს და განზე გადგნენ.

კომენტარები