თბილისის მერია

მერიის დათვლით, ავტობუსის გაჩერებების შუა ზოლში გადატანით 500 მლნ იზოგება

თბილისის მერია

თბილისის მერიის გაანგარიშებით ავტობუსების ზოლებისა და გაჩერებების ქუჩების შუა ზოლში გადატანით, როგორც ეს ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა, ხუთასი მილიონი ლარი იზოგება.

მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის თქმით, ავტობუსის ზოლის შუაში გადატანით ავტობუსის სიჩქარე და მგზავრების ლოდინის დრო მცირდება, რის გამოც იზოგება თანხა, რაც სხვა შემთხვევაში, დამატებითი ავტობუსების შესაძენად იქნებოდა საჭირო.

"რომ არ მოხდეს ავტობუსების შეფერხება და არ შეამციროს სიჩქარე ავტობუსის და ასევე, არ გაიზარდოს მოლოდინის დრო მგზავრებისთვის, ამიტომ მოხდა შუაში ავტობუსების გათვალისწინება, რამაც დაახლოებით 500 მილიონი ლარის ეკონომია მოგვიტანა". – ამბობს ვიქტორ წილოსანი.

"ეს შეფერხებები 30%-ით ამცირებდა სიჩქარეს და ზრდიდა მოლოდინის დროს.

შესაბამისად, ჩვენ თუ გვინდა მივიღოთ ის დაგეგმილი მოლოდინის დრო რაც გვაქვს, ამისთვის საჭირო გახდებოდა 30%-ით მეტი ავტობუსი. 30%-ით მეტი ავტობუსი ნიშნავს 300 მილიონ ლარს".

გარდა ამისა, ვიქტორ წილოსანის თქმით, ავტობუსების გაზრდილი რაოდენობა აისახებოდა საოპერაციო ხარჯებზე, რაც 10 წელიწადში დამატებით 200 მილიონი ლარი დაჯდებოდა.

"შესაბამისად, მივიღეთ დაახლოებით 500 მილიონი ლარის ეკონომია ამ გზით და ბევრად უფრო განახლებული და გალამაზებული ჭავჭავაძის გამზირი". – აცხადებს ვიქტორ წილოსანი.

როგორც ის ამბობს, უშუალოდ ჭავჭავაძეზე ავტობუსები შუა ზოლში იმიტომ მოეწყო, რომ გამზირზე ბევრი მკვეთი ქუჩაა და ავტობუსებს ხშირად უწევდათ შეჩერება.

 

 

კომენტარები