მესტია

დაკარგული მოზარდის მამა: იგრძნობოდა, გაქცევისთვის ემზადებოდა, გვქონდა პატარა კონფლიქტები

მესტიაში, სოფელ ლენჯერში, დაკარგული მოზარდის მამა ამბობს, რომ, სავარაუდოდ, 13 წლის ბიჭი სახლიდან გაქცევისთვის ემზადებოდა და ამისთვის რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო მზადება. მისივე თქმით, შვილთან "პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები" ჰქონდა. ამის შესახებ ეუბნება დაკარგული ილია ფილფანის მამა ფორმულას სატელეფონო ინტერვიუში.

"იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა რამდენიმე კვირით ადრე. აგროვებდა ფულს და იყო ისეთი დეტალები, რაც ამას მაფიქრებინებს. აქ ჩვენ ზამთარში ჩამოვედით და პანდემიის გამო მოგვიწია დარჩენა. გარდატეხის ასაკი აქვს, არ ჰყავს აქ მეგობრები, ვერ საუბრობს ქართულად და არ ჰყოფნიდა ზრუნვა და ყურადღება.

გვქონდა პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები. წინა დღეს, სანამ სახლიდან გავიდოდა, რაღაცაზე ვიკამათეთ. ვფიქრობ, უკვე ამ დროს, გადაწყვეტილი ჰქონდა სახლიდან წასვლა. 18-ში, როგორც კი სახლიდან გავიდა, მაშინვე მოვიკითხე და რომ გავიგე, სახლიდან გავიდა, მაშინვე გავყევი, თუმცა ვერ მივაგენი ვერსად.

ვიყავი ერთ ადგილზე სადაც ველოსიპედის კვალი ვნახე. ხიდზე გადასული იყო როგორც ჩანს და ტყისკენ წავიდა. ვერ ვიპოვე იქ. მერე ჩამოვედი და სხვაგან გავაგრძელე ძებნა. როცა მეზობლებიც ჩაერთნენ, ისევ იმ ადგილზე ავედით, სადაც კვალი ვნახეთ და აქ უკვე მეორე კვალიც გაჩნდა.

როგორც ჩანს უკან გამობრუნდა. მერე უკვე პოლიცია ჩაერთო. ვფიქრობთ, რომ ყველგან შეიძლება იყოს, ზღვაზეც, აქაც, თბილისშიც. ვეძებთ და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით.

უბრალოდ, მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ პოლიცია აქტიურად მუშაობს, მაგრამ ნუ მომაცდენენ ხშირად და ნუ მიძახებენ გამოკითხვაზე დღეში რამდენჯერმე. ჩემთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია და მირჩევნია, ჩემი შვილის ძებნით ვიყო დაკავებული". – ამბობს დაკარგული მოზარდის მამა, დავით ფილფანი, ფორმულასთან საუბარში. [ტელეკომპანია ფორმულას თარგმანი]

მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს მე-7 დღეა ეძებენ. ილია ფილფანი 18 ივლისს, დილით, სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია, სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 80 მაშველი.

უწყების ცნობით, მოზარდის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სვანეთის მასშტაბით, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე.

კომენტარები