კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გარდაბანში ტესტირებაზე ცუდი დამყოლობაა, 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ გარდაბნის სოფლებში მოსახლეობის დამყოლობა არ იქნება, შესაძლოა, სოფლები ჩაიკეტოს. 

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების განსაკუთრებულად ცხელი წერტილი გარდაბნის მუნიციპალიტეტი ე.წ გაჩიანის დასახლებაა, რომელშიც სამი სოფელი: ყარაჯალარი, ახთაკლია და ყარათაკლია შედის. 

"იქ ტარდება სერიოზული ღონისძიებები ყველა შესასვლელში და გამოსასვლელში თერმოსკრინინგი, მაგრამ, სამწუხაროდ, არის ცუდი დამყოლობა მოსახლეობაში. იქ ცხოვრობს დაახლოებით 7000 მოსახლე და მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ, როცა 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე არის სადღაც 700 დან 1000 ნიმუშამდე". – ამბობს გამყრელიძე.  

მისივე თქმით, აღებული 350 ნიმუშიდან კორონავირუსის 10 დადებითი შემთხვევა დადასტურდა.  

"თუ დამყოლობა არ იქნა სოფლის მოსახლეობის მხრიდან, არ მოგვეცა საშუალება რომ გამოვიკვლიოთ და ფართომასშტაბიანი კვლევები ჩავატაროთ, მაშინ ერთადერთი გამოსავალი არის ამ სამი სოფლის იზოლირება". – ამბობს გამყრელიძე. 

22 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 073 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 907 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა. 

კომენტარები