ტურიზმი

კანდელაკი: მთავრობის გენერალური ხაზია, არჩევნებამდე იყოს რაც შეიძლება ცოტა და ძვირი ფრენა

ევროპული საქართველოს დეპუტატის გიორგი კანდელაკის თქმით, ეკონომიკის მინისტრმა ფაქტობრივად აღიარა, რომ "მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილებაა, არჩევნებამდე ფაქტობრივად აიკრძალოს Wizzair-ის და Ryanair-ის ფრენები". მანვე აღნიშნა, რომ "მთავრობის გენერალური ხაზია, არჩევნებამდე იყოს რაც შეიძლება ცოტა და ძვირი ფრენა".

გიორგი კანდელაკის შეფასებით, მთავრობის "განზრახ შექმნილი მდგომარეობით", თვითმფრინავით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც შეუძლია ბილეთში ასტრონომიული ფასის გადახდა და აქვს პრივილეგია, თავი აარიდოს კარანტინს.

"სულ ცოტა ხნის წინ ამ უსამართლობის მაგალითი გვაჩვენა მინისტრმა ზალკალიანმა, რომელიც რაღაც იდიოტურ დადგენილებას იშველიებს, თუ რატომ უნდა იყოს პრივილეგირებული, როცა ის ბრუნდება გაუმწვანებელი ქვეყნიდან და რატომ უნდა იყვნენ კარანტინში კანონმორჩილი საქართველოს მოქალაქეები იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი საქართველოს მთავრობის მიერ გამწვანებული ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ“ - აღნიშნა კანდელაკმა.

ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმითვე, ეკონომიკის მინისტრმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ Ryanair-ის და Wizzair-სთვის ორჯერ ან ერთხელ ფრენა წამგებიანია.

"მოდით, ქალბატონო ნათია, თავად ავიაკომპანიებმა გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მომგებიანი და რა წამგებიანი. პანდემიამდე მათი რეისების უმრავლესობა ისედაც კვირაში ორჯერ და სამჯერ სრულდებოდა". – განაცხადა კანდელაკმა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მიუნხენის, პარიზის და სავარაუდოდ, რიგის გარდა, რეგულარული ფრენები არც აგვისტოში შესრულდება. ნათია თურნავას თქმით, Wizzair-ი და Ryanair-ი საქართველოში ფრენებს მაშინ აღადგენენ, როცა საქართველო და მსოფლიო ამისთვის მზად იქნება.

კომენტარები