ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობა ხშირადაა დაუსჯელი

europarl.europa.eu

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში, რომელსაც კენჭს დღეს, 13 ივლისს უყრიან, 165 შესწორება მომზადდა.

კანონის უზანაესობასთან, მედიის თავისუფლებასთან და 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან ერთად შესწორებებში საუბარია მთავრობის მიერ მშვიდობიანი დემონსტანტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალადობაზე.

ევროპარლამენტარ ანდრჟეი ჰალიცკის მომზადებულ 78-ე შესწორებაში ვკითხულობთ:

"შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ძალადობრივი ინციდენტები ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხშირადაა დაუსჯელი.

როცა ნებისმიერ მთავრობას შეუძლია, გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი დაუმორჩილებლობის წინააღმდეგ, ძალადობრივი თავდასხმები მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ოპოზიციის ლიდერებზე, დაუსჯელობა ამგვარი ძალადობრივი აქტებისას ქმნის სახიფათო პრეცედენტს 2020 წლის არჩევნების მომავალი კამპანიისთვის".

ანნა ფოტიგას, ჰერმან ტერჩის, კოსმა ზლოტოვსკისა და იაცეკ სარიუშ-ვოლსკის მომზადებულ 83-ე შესწორებაში გაზიარებულია ჰალიცკის ტექსტი ამგვარი ძალადობრივი აქტების დაუსჯელობის შესახებ და დამატებულია, რომ ძალადობრივი ინციდენტები "ხშირად რჩება დაუსჯელი, მიუხედავად ნათელი მტკიცებულებისა, რომ ამგვარი თავდასხმები დაკავშირებულია მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და წარმომადგენლებთან".

მარკეტა გრეგორევას მომზადებული 96-ე შესწორების თანახმად, ევროკავშირი მოითხოვს "დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას 2019 წლის ივნისში ქართული სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ".

გარდა ამისა, 96-ე შესწორებაში ლაპარაკია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკეთ დაცვაზე:

"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას მშვიდობიანი თავშეყრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, დემონსტრანტებისთვის ამჟამინდელი არაპროპორციული სანქციებისა და მკაცრი ჯარიმების შემცირების ჩათვლით".

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშის განხილვა მაისში გაიმართა. ანგარიშს კენჭს დღეს, 13 ივლისს უყრიან. უფრო ვრცლად სამართლიანი არჩევნების თაობაზე დოკუმენტში შესულ შესწორებებზე წაიკითხეთ აქ.

კომენტარები