გიორგი გაბუნია

რუსი დეპუტატი: გაბუნია რუსეთის კანონმდებლობით უნდა დაისაჯოს

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე შერინი ვლადიმირ პუტინის გინების გამო გიორგი გაბუნიას დასჯას ითხოვს. 

"ქართველმა ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ კვლავ შეურაცხყო ვლადიმირ პუტინი. არსებობს მუხლი ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფის შესახებ. ეს უნდა გამოვიყენოთ, ალბათ, სწორედ ჟურნალისტის მიმართ. სისხლის სამართლის საქმე იხსნება და ეს ადამიანი უბრალოდ დაბარებულია". – თქვა მან.

შერინის განცხადებით, გაბუნიას გამოსვლა არ შეეფერება არც ქართველ ჟურნალისტებს და არც ქვეყნის ხელისუფლებას. ის ამბობს, რომ მსგავსი რამ უნდა შეჩერდეს და თუ ამის შეჩერება ქართული კანონმდებლობით ვერ მოხერხდება, მაშინ ეს რუსული კანონმდებლობის დახმარებით უნდა გაკეთდეს.

რუსული მედია მის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ გიორგი გაბუნიამ თავისი პირადი აზრი გამოხატა და საქართველოს მოსახლეობა ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი რუსეთის მიმართ. მან აღნიშნა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება საქართველოს ინტერესშია. დეპუტატი ირწმუნება, რომ საქრთველოში ტურიზმიდან უმნიშვნელოვანესი შემოსავალი სწორედ რუსების ხარჯზე მოდის.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე ბოკოვი საქართველოში ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. მთავარი არხის ცნობითვე, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

2019 წლის ივლისში გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ზე საავტორო გადაცემის მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დედა შეაგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. თავად პუტინის გარდა, გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერიც გამოეხმაურა. კადიროვმა დაწერა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

2020 წლის 17 ივნისს კადიროვი ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დაწერა, რომ, თუკი ვინმე მისი ბრძანების მიხედვით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს.

"ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს, ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს". – დაწერა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერი კიდევ ერთხელ დაემუქრა გიორგი გაბუნიას და დაწერა, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთში ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ შეურაცხყო გაბუნიამ მათი სახელმწიფო და რომ გაბუნიას "უჯობს, მუხლებზე დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს", წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კადიროვის მტრად დარჩება.

ხელისუფლების არცერთი შტოს არცერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ უხსენებია რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხე. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ელოდებიან გამოძიებას, რათა გაიგონ, ვის ინტერესებში შედიოდა გაბუნიას მკვლელობის მცდელობა.

კომენტარები