გიორგი გაბუნიას საქმე

გვარამია: თუ სახელმწიფომ გაბუნიას დაცვა შესთავაზა, ესეიგი, საფრთხე ამოწურული არ არის

ნიკა გვარამია

მთავარი არხის დამფუძნებელის, ნიკა გვარამიას თქმით, თუკი სახელმწიფომ გიორგი გაბუნიას დაცვა შესთავაზა, ლოგიკური დასკვნაა, რომ საფრთხე არ ამოწურულა, - უთხრა მან ჟურნალისტებს ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ. 

მისივე თქმით, მოსამართლეს კითხვები ჰქონდა მასთან წყაროსთან დაკავშირებით, თუ ვინ მიაწოდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია.

„შეკითხვები ჰქონდათ წყაროსთან დაკავშირებით. ჩემი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი და ეს ინფორმაცია მივაწოდე. ასევე, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი, რომელიც უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ფლობს ინფორმაციას", - ამბობს გვარამია. 

მისი თქმით, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაახლოებით ორი თვის წინ მიიღო. გვარამიას განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ მას აღნიშნული ინფორმაცია სუს-ის წარმომადგენელმა მიაწოდა და ეს არაოფიციალურად მოხდა, მას უწყებისთვის არ მიუმართავს.

"როგორ ჩავაყენებდი სუს-ს საქმის კურსში, როდესაც მათგან მქონდა ეს ინფორმაცია, ვგულისხმობ ჩემს წყაროს. ჯერ ერთი, ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ იყო. ჩემ მიერ ეს ბოლომდე სარწმუნოდ არ იყო მიღებული. ასეთ ინფორმაციებს სუს-ის წყაროებიდან ვიღებთ ძალიან ბევრს. რა თქმა უნდა, მათი გადამოწმება ხდება და ლოგიკურია, რომ მათვე არ ვატყობინებთ. რამდენიმე კვირით ადრე მივიღე ეს ინფორმაცია, კორონავირუსის პერიოდში ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. საუბარია დაახლოებით ორ თვეზე, - თქვა ნიკა გვარამიამ.

15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე ბოკოვი საქართველოში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. მთავარი არხისვე ცნობით, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

2019 წლის ივლისში გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ზე საავტორო გადაცემის მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დედა შეაგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. თავად პუტინის გარდა, გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერიც გამოეხმაურა. კადიროვმა დაწერა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს". 

2020 წლის 17 ივნისს კადიროვი ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დაწერა, რომ, თუკი ვინმე მისი ბრძანების მიხედვით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს. 

"ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს". – დაწერა კადიროვმა. 

ჩეჩნეთის ლიდერი კიდევ ერთხელ დაემუქრა გიორგი გაბუნიას და დაწერა, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთში ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ შეურაცხყო გაბუნიამ მათი სახელმწიფო და რომ გაბუნიას "უჯობს, მუხლებზე დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს", წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კადიროვის მტრად დარჩება. 

ხელისუფლების არცერთი შტოს არცერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ უხსენებია რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხე. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ელოდებიან გამოძიებას, რათა გაიგონ, ვის ინტერესებში შედიოდა გაბუნიას მკვლელობის მცდელობა.

კომენტარები