გიორგი გაბუნიას საქმე

ოხანაშვილი გაბუნიას საქმეზე: იკვეთება ხელშეწყობა შიდა დესტრუქციული ჯგუფების მიერ

პარლამენტი

მთავრობის მაღალჩინოსნების და ქართული ოცნების სხვა წევრების მსგავსად, დეპუტატი ანრი ოხანაშვილიც არ ახსენებს რუსეთს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით და ამბობს, რომ "ფაქტია, ამ საქმის დამგეგმავი და ორგანიზატორი ჩვენი სახელმწიფოსადმი მტრულად განწყობილი პირი ან პირთა ჯგუფია".

მისივე თქმით, წინასწარ შეფასებებს ვერ გააკეთებს და გამოძიების შედეგს დაელოდება. 

ოხანაშვილის თქმით, ისიც ფაქტია, რომ "იკვეთება ასევე, ამ ყველაფრის მიმართ ხელშეწყობა, შიდა დესტრუქციული ჯგუფების მიერ, რაც არის ძალიან მძიმე".

"დამთავრდა დრო, როდესაც უპასუხისმგებლო, ემოციური განცხადებებით ხდებოდა გარკვეული ქმედებების პროვოცირება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ. რა შედეგიც გვექნება, იქნება უმკაცრესი. უმკაცრესი განცხადებები და რეაგირება",- ამბობს ანრი ოხანაშვლი

15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე ბოკოვი საქართველოში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. მთავარი არხისვე ცნობით, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

2019 წლის ივლისში გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ზე საავტორო გადაცემის მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დედა შეაგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს იგი დაგმეს. თავად პუტინის გარდა, გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერიც გამოეხმაურა. კადიროვმა დაწერა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

2020 წლის 17 ივნისს კადიროვი ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დაწერა, რომ, თუკი ვინმე მისი ბრძანების მიხედვით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს.

"ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს". – დაწერა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერი კიდევ ერთხელ დაემუქრა გიორგი გაბუნიას და დაწერა, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთში ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ შეურაცხყო გაბუნიამ მათი სახელმწიფო და რომ გაბუნიას "უჯობს, მუხლებზე დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს", წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კადიროვის მტრად დარჩება.

გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოსაკითხად დაიბარეს, თუმცა ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვას მოითხოვს.

ხელისუფლების არცერთი შტოს არცერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ უხსენებია რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხე. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ელოდებიან გამოძიებას, რათა გაიგონ, ვის ინტერესებში შედიოდა გაბუნიას მკვლელობის მცდელობა.

კომენტარები