გიორგი გაბუნიას საქმე

კალაძე გაბუნიას საქმეზე: კადიროვის განცხადებაზე კომენტარს მე რატომ მთხოვთ

instagram.com/kakhakaladze/

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მუქარაზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც არ საუბრობს და მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა გააკეთოს კომენტარი ამ საკითხზე. 

"კადიროვის განცხადებაზე კომენტარს მე რატომ მთხოვთ ...მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც აღკვეთეს ის სავარაუდო მძიმე დანაშაული, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი, უმძიმესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის". – ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი. 

15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 12 ივნისს სუს-ის მიერ ქავთარაძის ქუჩაძე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული კაცი, რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი საქართველოში გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ინფორმაციას თავდაპირველად ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა, მოგვიანებით მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რამდენიმე საათში კი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა და მიუთითა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

2019 წლის ივლისში რუსთავი 2-ის მაშინდელმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. გაბუნია ასევე დაგმო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

კადიროვმა გაბუნიას მიმართ მუქარა 16 ივნისსაც გაიმეორა და თქვა, რომ "გიორგი გაბუნიას, როგორც აქამდე ვამბობდი, უჯობს მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარზე. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი".

ყველა ამ გარემოების მიუხედავად, არც პრემიერმინისტრმა გახარიამ, არც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, არც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, არც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გაბუნიას საქმის შეფასებისას რუსეთი არ ახსენეს და აქცენტი "საქმის ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე" გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის პრეზიდენტია და არ აქვს უფლება, სხვა ქვეყანა დაადანაშაულოს. ზურაბიშვილმა ასევე უარი თქვა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მუქარაზე კომენტარის გაკეთებაზე.

კომენტარები