საქართველო-სომხეთი

გამყრელიძე: შეგვიძლია, დღეში 500-დან 1000-მდე ტესტირება ჩავუტაროთ სომხეთიდან აღებულ ნიმუშებს

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს საღამოს სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგება და დაზუსტდება დეტალები, თუ რითი შეუძლია ქვეყანას სომხეთის დახმარება. 

"დაავადებათა კონტროლის ცენტრს რაც შეეხება, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ, ჩვენ შეგვიძლია დღეში დაახლოებით 500-დან 1000-მდე ტესტი ჩავუტაროთ იქიდან აღებულ ნიმუშებს, ან ტესტების გარკვეული რაოდენობა საჩუქრად გადავცეთ სომხეთს",- ამბობს ამირან გამყრელიძე. 

11 ივნისს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება და ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თემაზე მუშაობა დაიწყო. 

სომხეთში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ქვეყნის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციის საკუთარ რიგს 200-მდე პაციენტი ელოდება, რადგან სომხეთის კლინიკებში ინფიცირებულთათვის საკმარისი ადგილები არ არის. 

კომენტარები