ნავთობის ბაზარი

აშშ-ის სანავთობო მარაგი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა

Flickr

აშშ-ში ნავთობის კომერციული მარაგების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ენერგეტიკის შესახებ ინფორმაციის სამმართველო ავრცელებს

უნდა ითქვას, რომ კომერციული მარაგები არ მოიცავს, იმ ნედლეულს, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ სანავთობო რეზერვში ინახება. უწყების ინფორმაციით, 30 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში აშშ-ის ნავთობის კომერციული მარაგების მოცულობა 1,1%-ით გაიზარდა და ჯამურად 538 მილიონ ბარელს გაუტოლდა, რაც ამგვარი სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამმართველოს მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ნავთობის კომერციული მარაგების ამჟამინდელი მოცულობა, დაახლოებით 14%-ით აღემატება ბოლო 5 წლის საშუალო მაჩვენებელს. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მარაგების მოცულობის ზრდამ 10% შეადგინა. ნავთობის კომერციული მარაგების ზრდას ერთად, რეკორდულად გაიზარდა სტრატეგიული რეზერვის მოცულობაც და ჯამურად 650 მილიონ ბარელს გაუტოლდა. 

სამმართველოს მიერ მომზადებული დასკვნის შემდეგ, ნავთობზე საერთაშორისო ფასები უმნიშვნელოდ შემცირდა. 

სოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Goldman&Sach-ის ანალიტიკოსები მომდევნო კვირებში ნავთობის ფასის საგრძნობ ვარდნას პროგნოზირებენ

ფასების შესაძლო ვარდნის მიზეზად ანალიტიკოსები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის უცნობია თუ რამდენად მაღალი იქნება მოთხოვნა ნავთობზე, ასევე, მნიშვნელოვანი იქნება ნავთობის უკვე დაგროვილი მარაგები, რომელიც მაქსიმალურ ნიშნულზეა. 

წინა თვეებში ნავთობის ფასების ვარდნის გამო, მთელ მსოფლიოში მარაგების შევსება დაიწყო, შედეგად, ამ დროისთვის ნავთობის შემნახველი სიმძლავრეები პრაქტიკულად სრულად არის დატვირთული. 

ბოლო კვირების განმავლობაში ნავთობის ფასები საგრძნობლად გაიზარდა, მაგალითად. საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა პირველად ბოლო სამი თვის განმავლობაში 42 დოლარს გადააჭარბა. 

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, მომდევნო კვირებში Brent-ის მარკის ნავთობის ფასი შესაძლოა 35 დოლარს ჩამოცდეს. მოსალოდნელია, რომ უფრო მეტად გაიაფთდება ამერიკული WTI-ის მარკის, რუსული URALS-ისა და არაბული Arab Light-ის ნავთობი.

8 ივნისს, OPEC-ის სახელით ცნობილმა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების კარტელმა და რუსეთმა ნავთობის მოპოვების რეკორდული შემცირების შეთანხმება კიდევ 1 თვით გააგრძელეს. ამის შესახებ ინფორმაციას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრი, სუხეილ მაზრუი ავრცელებს. 

მხარეები ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებაზე, ფასების სტაბილიზაციის მიზნით, 12 აპრილს შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ნავთობის მოპოვების დღეში ჯამურად 9.7 მილიონი ბარელით შეამცირეს. 

შეთანხმების მიხედვით, ამ შეზღუდვის მოქმედების ვადად 30 ივნისი განისაზღვრა, თუმცა ახალი გარიგებით ვადა 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა. 

 

კომენტარები