ნავთობის ბაზარი

გერმანია რუსულ ნავთობს ამერიკულით ანაცვლებს

Reuters

გერმანია რუსულ ნავთობს ამერიკულით ანაცვლებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამ თვეში უკვე მეორედ ლუიზიანიდან გერმანიის როსტოკის პორტის მიმართულებით ამერიკული ნავთობით დატვირთული მეორე ტანკერი დაიძრა. ამერიკულმა ნავთობმა ევროპაში რუსული ნავთობი უნდა ჩაანაცვლოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი წლის ბოლომდე რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის 90%-ით შემცირებას გეგმავს.

ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად, ევროპა ამერიკული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი გახდა და აზიას გაასწრო. მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე ევროპამ აშშ-გან საშუალოდ დაახლოებით 213.1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მიიღო, აზიამ კი 191.1 მილიონი ბარელი.

რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესების შემდეგ, აშშ-ს ნავთობის შესაძენად უფრო მეტმა ევროპულმა ქვეყანამ მიმართა. რუსეთი კი საკუთარ ნედლ ნავთობს დიდი ფასდაკლებით ჩინეთსა და ინდოეთს სთავაზობს, რომელთაც მათ მიმართ არანაირი სანქცია არ დაუწესებიათ.

აშშ-ს ნედლი ნავთობის მოპოვება იზრდება, თუმცა, არა იმდენად სწრაფად, რომ ევროპისა და აზიის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს.

ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე შეზღუდვები დააწესეს.

Reuters-ი აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ნავთობის გლობალური ფასი 40%-ით, $140-მდე გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ენერგორესურსზე ფასის ჭერი არ დაწესდება

ფასის ჭერი კონკრეტულ საქონელზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას ნიშნავს, რომელზე მაღალი ფასის დადებაც მიმწოდებელს გარკვეული პერიოდით შეზღუდული აქვს. 

წყაროს ცნობით, მომავალ კვირაში, აშშ-ს სახაზინო მდივანი, ჯანეტ იელენი აშშ-ს ფასების ლიმიტის წინადადებასა და გლობალურ ეკონომიკურ მოვლენებს იაპონიის ფინანსთა მინისტრ შუნიჩი სუძუკისთან ერთად განიხილავს. 

დასავლელი მაღალჩინოსნების მიზანია ფასის იმ დონეზე დაყენება, რომელიც რუსეთის წარმოების ზღვრულ დანახარჯებს დაფარავს, რათა მოსკოვს ნავთობის ექსპორტის სტიმული შეუნარჩუნდეს, თუმცა, ფასების მანიპულაციით ომის დაფინანსების საშუალებას შეუზღუდავს. 

იაპონიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ს მიერ შეთავაზებული ფასის ზღვარი ძალიან დაბალია, თუმცა აღნიშნეს, რომ მისი პოტენციური დიაპაზონი ბარელზე $40-დან $60-მდე უნდა შენარჩუნდეს. 

დიდი შვიდეულის ქვეყნები ბავარიაში სამიტზე შეთანხმდნენ, რომ მოსკოვის შემოსავლების შესამცირებლად და ომის მანქანის დასასუსტებლად, დამატებით სანქციებს დააწესებდნენ, თუმცა, დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. 

კომენტარები