ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა

საფრანგეთში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა და რასიზმი გააპროტესტეს

Gonzalo Fuentes, REUTERS

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში აფროამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით საფრანგეთში, პარიზში, რასიზმის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

მიუხედავად კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებისა, შეკრებილი დემონსტრანტები პოლიციის სისასტიკესა და რასიზმს აპროტესტებდნენ, ნაწილს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ბანერები ეჭირა.  

აქციის მონაწილეებმა ჯორჯ ფლოიდს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, ასევე, მოითხოვეს სამართლიანობის აღდგენა ადამ ტრაორეს საქმეზე. 24 წლის შავკანიანი კაცი პოლიციამ 2016 წელს დაკავებისას მოკლა. 2 ივნისს პოლიციამ ტრაორეს ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარება აკრძალა. მიზეზად არეულობის შესაძლო გამოწვევა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 10 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა დასახელდა.  

აქციის მონაწილეთა ნაწილმა ნაგვის ურნებს, ველოსიპედებსა და სკუტერებს ცეცხლი წაუკიდა, პოლიციამ კი აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

რასიზმის საწინააღმდეგო აქციები გამიმართა სხვა ქალაქებშიც - 2 500-მდე ადამიანი შეიკრიბა ლილში, 1 500 მარსელში, 1 200 კი ლიონი.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება. 6 ივნისს მასშტაბური საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი ვაშინგტონში - დემონსტრანტთა რიცხვმა, შესაძლოა, 1 მილიონს გადააჭარბოს.  

46 წლის აფროამერიკელი კაცი ჯორჯ ფლოიდი პოლიციელმა დაკავებისას მოკლა - ფლოიდს, რომელიც მიწაზე იწვა და ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა, პოლიციელი მუხლით ყელზე აწვებოდა.  

საპროტესტო აქციების გამო აშშ-ის 15 შტატსა და დედაქალაქ ვაშინგტონში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული, დაწესდა კომენდანტის საათი. მომიტინგეთა ნაწილმა მაღაზიები დაარბია და გაძარცვა. მათ დააზიანეს კერძო საკუთრება, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის შენობას. 31 მაისისთვის ქალაქში კერძო ბიზნესის 270-მდე შენობა დარბეული ან სრულად განადგურებული იყო. 

ვრცლად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების შესახებ - წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები