პოლონეთი მომავალი კვირიდან ბალტიის ქვეყნებთან საზღვრებს გახსნის 

მომავალი კვირიდან პოლონეთი ბალტიის ქვეყნებთან საზღვრებს გახსნის.

ამის შესახებ ლიტვის პრემიერმინისტრმა, საულიუს სკვერნელისმა, პოლონეთის პრემიერმინისტრთან, მატეუშ მორავეცკისთან, საუბრის შემდეგ განაცხადა.

ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

პოლონეთმა განაცხადა, რომ ლიტვასთან, გერმანიასთან, ჩეხეთთან, სლოვაკეთთან სასაზღვრო კონტროლი ძალაშია 12 ივნისამდე, ხოლო შემდგომ გეგმებზე ახლო მომავალში ისაუბრებს.

ბალტიის სახელმწიფოებმა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საზღვარი 15 მაისს გახსნეს, რითაც ევროკავშირში პირველი "სამოგზაურო ბუშტი" შექმნეს. 

ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია, მოგზაურობას უშვებს. ბალტიის ქვეყნებში სხვა ქვეყნიდან ჩასულ პირებს 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა უწევთ.

ქვეყნებთან, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, მაგალითად, ბრიტანეთთან, საზღვარი კვლავ ჩაკეტილია. 

პოლონეთში ახალი კორონავირუსი 25 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ახალ ვირუსს 1 137 ადამიანი ემსხვერპლა. 12 000-ზე მეტი პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები