სროლა ვარკეთილში

ვარკეთილში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

droa.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარკეთილში შეიარაღებული კაცის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამართალდამცავებმა 1995 წელს დაბადებული ა.ი. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, ნივთმტკიცებად კი იარაღი ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, კაცი ნასვამი იყო და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.  

შემთხვევა დღეს, 5 ივნისს მოხდა. შუამთის ქუჩაზე სპეცრაზმი და პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში იყო მობილიზებული. კაცი კორპუსიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. რუსთავი 2-ის ცნობით, 45 წლამდე კაცი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში შვილების მისამართით ისროდა, თუმცა, მათ გაქცევა მოახერხეს. კაცი სამართალდამცავებს ჩაბარდა.

"ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე ა.ი., რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. 

მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, იგი კვლავ აგრძელებდა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ის სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელებზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები