საქართველოს პროკურატურა

POG: თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის რუსეთის მოქალაქე პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის რუსეთის მოქალაქე და 2 იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. 

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, რუსეთის მოქალაქემ, ვ.ლ- მ, დაარეგისტრირა ვებგვერდი და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს სასურველი ქვეყნის მოქალაქეობის, ბინადრობისა და მართვის მოწმობის მიღებაში სთავაზობდა დახმარებას. ის დაზარალებულებს თანხას მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით არიცხინებდა. 

"ვ.ლ.-მ პირადად და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მეშვეობით მოახდინა 255 782,2 აშშ დოლარის, 22 400 ევროს და 16 500 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია", - წერია განცხადებაში. 

პროკურატურის ინფორმაციით, დაყადაღებულია 3 საცხოვრებელი ბინა, 3 ავტოფარეხი, 2 მანქანა, 19 920 დოლარი და 1 786 ლარი.  

ვ.ლ-ს 2020 წლის 2 ივნისს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. რუსეთის მოქალაქეს ბრალი 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი შემოსავლის მირება. 

194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ბრალდება ვ.ლ.-ს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებსაც. 

"ვ.ლ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირების მიერ ჩადენილი ქმედება ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები