ეკლესია და კორონავირუსი

გახარია: რელიგია არის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რომელზეც არა ხელისუფლებამ, ქვეყანამ გაიარა

საქართველოს მთავრობა / Screengrab

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, რელიგია არის ბეწვის ხიდი და წითელი ხაზი, რაზეც ხელისუფლებამ კი არა, ზოგადად ქვეყანამ გაიარა. მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე, მოქალაქეებმა დაიჯერეს და ხელისუფლებას ენდნენ, როცა გადაწყვიტეს, რომ რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დაიცავდნენ.

გახარიას შეფასებით, საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ მთელმა მსოფლიომ ნახა ქართული ეკლესიის სურათები, სადაც ადამიანები 2-მეტრიანი დისტანციით ლოცულობენ. 

"რელიგია არის ბეწვის ხიდი და ის წითელი ხაზი, რაზეც ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ გაიარა. თქვენ იყავით ერთი მხრიდან, რომლებიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდით, რომ ახლა ამას შევანჯღრევთ და როგორმე იქნებ კონფლიქტი გაჩნდეს და ცდილობდით ამას, ყოველშემთხვევაში გარედან ეს ასე ჩანდა. მაგრამ რეალურად რა მოხდა? - მარტივი რაღაცა მოხდა.

ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა, ენდო მთავრობას და თქვა, რომ მე ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დავიცავ და ეს წესები იყო, სადღაც ორი მეტრი იყო, სადღაც უფრო მეტი იყო, სადღაც იყო ერთეული შემთხვევები.

ამ ყველაფერში მთავარი არის ორი რამ. მთავარი არის ის, რომ მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტი და მომავალშიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, შეიცვალა ისე, რომ ადამიანებს მოუწოდებდა აღვასრულოთ ღვთისმსახურება მხოლოდ წესების დაცვითო. საბოლოო ჯამში მივიღეთ ქართული ეკლესიის სურათები მსოფლიოში, სადაც ადამიანები ლოცულობენ 2 მეტრიანი დისტანციით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეპიდემიური აფეთქება არ მივიღეთ," - თქვა გახარიამ. 

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული პრაქტიკულად არცერთი შეზღუდვა არ გავრცელებულა. კომენდანტის საათის და მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. არაერთ ეკლესიაში დაირღვა მრავალჯერადად ორმეტრიანი სოციალური დისტანცია. ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, მრევლს საერთო კოვზითაც აზიარებდნენ.

კომენტარები