აშშ-ჩინეთი

აშშ ჰონგ-კონგის გამო ჩინელი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი
Today Online

ტრამპის ადმინისტრაცია ჰონგ-კონგის ავტონომიის შემზღუდავი კანონების გამო ჩინელი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Time და Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული კანონების მიღების შემთხვევაში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ჩინელ მაღალჩინოსნებსა და ბიზნესმენებს, შესაძლოა, აქტივები გაუყინოს და მათი ტრანზაქციები გააკონტროლოს. წყაროების თქმით, შტატებში ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებისათვის სავიზო შეზღუდვის დაწესებასაც განიხილავენ. 

მათივე თქმით, ამჟამად დისკუსია მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. 

27 მაისს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ჩინეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე ჰკითხეს, რაზეც მან მიუგო - "ამჟამად ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ. ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდება. ამის შესახებ მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიგებთ. [ეს ნაბიჯი] ვფიქრობ, ძალიან ძლიერი იქნება".

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ამ სიახლის გავრცელებას სანქციების დაწესების ერთერთი მთავარი ინიციატორი, აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი, ჯოშ ჰოული, გამოეხმაურა:

"ბრწყინვალე სიახლეა ჩინეთის შესაძლო სანქციებზე. აშშ წინ უნდა აღუდგეს ჩინეთის აგრესიას ჰონგ-კონგში და ყველგან, სადაც ამერიკის უსაფრთხოებასა და სამუშაო ადგილებს საფრთხე ემუქრება".

თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი ჰონგ-კონგში ჩინეთის ქმედებებით უკმაყოფილოა და ჩინეთის ჩარევის შემთხვევაში მისთვის რთული წარმოსადგენია, თუ როგორ შეიძლება ჰონგ-კონგი კვლავ ფინანსურ ჰაბად დარჩეს. თეთრმა სახლმა კონკრეტულ ნაბიჯებზე კომენტარი არ გააკეთა.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის გეგმაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში, რომელიც აკრძალავს სეცესიას, ნებისმიერ საგარეო ჩარევას, ტერორიზმს და ყველა ქმედებას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული. პეკინს, ახალი კანონებით, ჰონგ-კონგში უსაფრთხოების სააგენტოების დაარსება შეეძლება. ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

24 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, უსაფრთხოების კანონპროეტების შესახებ განაცხადა, რომ ის ქალაქის მაღალი ხარისხის ავტონომიაზე, ჰონგ-კონგში მცხოვრებლების უფლებებსა და თავისუფლებებზე, ასევე ინვესტორთა ინტერესზე გავლენას არ იქონიებს. 

მან თქვა, რომ გადაწყვეტილება მიმართულია იმ მოქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას. მისივე განცხადებით, ჰონგ-კონგის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა და საგარეო ჩარევას არ აიტანს.

ვანგ იმ მოსახლეობას უთხრა, რომ მათ, დარდის ნაცვლად, მეტად უნდა სჯეროდეთ ჰონგ-კონგის მომავალი სტაბილურობის.

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

27 მაისს ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წიწაკის ტყვიები გამოიყენა. აქციის მიმდინარეობისას დაახლოებით 300 მომიტინგე დააკავეს. ჰონგ-კონგში ხელისუფლების სათავეში პეკინის მომხრე უმრავლესობაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მძლავრი რეაქცია ექნება, თუ ჩინეთი თავის გეგმას მიჰყვება და ჰონგ-კონგის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონებს მიიღებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს, განცხადებით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ტერიტორიის სპეციალურ ეკონომიკურ სტატუსზე. კანონების ამოქმედების შემთხვევაში, ჰონგ-კონგის სპეციალური ეკონომიკური სტატუსის გადახედვას ტაივანიც აპირებს. ევროკავშირმა ჩინეთს მოუწოდა, პატივი სცეს ჰონგ-კონგის ავტონომიას.

კომენტარები