Twitter

Twitter-მა ტრამპის პოსტს შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამო გამაფრთხილებელი ნიშანი გაუკეთა

დონალდ ტრამპი
CNN

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ Twitter-ზე დაწერილ ერთ-ერთ პოსტზე გამაფრთხილებელი ნიშანი გაჩნდა, რომ ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Twitter-ის მიერ შემოღებული ახალი წესები ტრამპის ტვიტებს შეეხო.

ტრამპის ტვიტი ფოსტის ხმის მიცემას შეეხებოდა. "0 შანსია, რომ ფოსტით ხმის მიცემა თაღლითობა არ აღმოჩნდეს", - დაწერა მან, ხოლო ტვიტის ქვეშ გაჩნდა გაფრთხილება წარწერით "გაეცანით ფაქტებს ფოსტით ხმის მიცემის შესახებ", ხოლო მითითებულ ბმულზე მოცემულია სხვადასხვა ამერიკული მედიის, მათ შორის CNN-ს და The Washington Post-ის სტატიები ამ თემაზე, რასაც მოჰყვება სექცია "რა უნდა იცოდეთ" სადაც ტრამპის მიერ შეცდომაში შემყვანი განცხადება არის გასწორებული.


ფოტო: TWITTER

ტრამპი ამ ფაქტს კვლავ ტვიტერზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ Twitter-ი ცდილობს თავისუფალი სიტყვა ჩაახშოს და სოციალური მედიის კომპანია 2020 წლის არჩვნებში ჩარევაში დაადანაშაულა:

"ახლა Twitter-ი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა. ისინი ამბობენ, რომ ჩემი განცხადება ფოსტით ხმის მიცემის შესახებ, რომელსაც უზარმაზარ კორუფციამდე და გაყალბებამდე მივყავართ, არასწორია და ეყრდნობა ცრუ მედიებს, CNN-ს და Amazon-ის Washington Post-ს. Twitter-ი ცდილობს ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და მე, როგორც პრეზიდენტი, ამას არ დავუშვებ!", - დაწერა მან.

ტვიტერმა საკუთარ პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე პოლიტიკა მიმდინარე თვის დასაწყისში შეცვალა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ თქვა, რომ აქტიურად ებრძვიან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას და ამისათვის მათი პლატფორმის გამოყენებას. ასევე აიკრძალა პოლიტიკური რეკლამები. ამას ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მათ მიაჩნიათ, რომ ამგვარად Twitter ცდილობს ტრამპი და კონსერვატორები გააჩუმონ.

კომენტარები