უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება

ბესელია: არასდროს დამიშვია, რომ პრეზიდენტი მმართველი პარტიის მორჩილებაშია

ტაბულა

ქართული ოცნების ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას თქმით, მას არასდროს დაუშვია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის მორჩილებაშია. თუმცა, მისივე თქმით, უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტს დამოუკიდებლად არ მიუღია. 

მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა პრეზიდენტი დამოუკიდებელი, ბესელია პასუხობს, რომ მას შეუძლია იყოს დამოუკიდებელი. 

ბესელიას შეფასებით, ის არ გამორიცხავს, რომ ქართულ ოცნებას შეწყალებების შემდეგ პრეზიდენტის ეშინია. მისივე თქმით, შეუძლებელია, რომ პარლამენტის ყოფილ თავჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, წინასწარ არ სცოდნოდა შეწყალების შესახებ.

"პროფესიულ მატყუარად ჩამოყალიბდა ეს ახალგაზრდა კაცი [კობახიძე]. რა ღირებულება აქვს იმ პოლიტიკოსის სიტყვას, როცა ესე ღიად გამოდიხარ და იტყუები და ესე ყალბი შეწუხებული სახით ამბობ, რომ რა სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა. ეს ყველაფერი იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ ხელისუფლებას რომ უყურებ, გაქვს განცდა, რომ ერთი სიტყვა მართალი აღარ გესმის", - ამბობს ბესელია. 

საერთაშორისო საზოგადოებისგან წამოსული წნეხის ფონზე 15 მაისს პრეზიდენტმა ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ორივე მათგანს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდნენ და დაუყონებლივ მოითხოვდნენ მათ გათავისუფლებას 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე. 

შეწყალების აქტის გამოცემიდან მალევე ქართულ ოცნებაში ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც თქვეს, რომ პრეზიდენტთან ამ საკითხის შესახებ კომუნიკაცია არ ჰქონიათ და გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყვეს.

თუმცა, 19 მაისს რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა, რომ შეწყალებამდე მან ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი გიორგი გახარია. 

კომენტარები