უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება

ჩუგოშვილი შეწყალებაზე: ეს იყო საფასური იმ შეცდომებისთვის, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა

თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების წევრებმა იცოდნენ, რომ პრეზიდენტი ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გეგმავდა. 

ჩუგოშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიმართ რეაქციები უსამართლო იყო. მისი თქმით, პრეზიდენტს მოუწია, თავი დაეცვა და სწორედ ამიტომ განაცხადა, რომ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე ივანიშვილი, თალაკვაძე და გახარია წინასწარ გააფრთხილა. 

"პრეზიდენტს მოუწია საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ეს იყო სწორი გზა. ეს იყო აუცილებელი საფასური იმ შეცდომებისთვის, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა. მე მეგონა, რომ მმართველი გუნდის რეაქცია იქნებოდა ის, რომ - ეს მისი გადაწყვეტილებაა, ჩვენ პატივს ვცემთ, რომ მან რაღაც ნაბიჯი გადადგა დაძაბული სიტუაციის განსამუხტად. ამას უფრო ველოდებოდი, ვიდრე იმას, რომ - ეს რა ქნა, ბრიფინგიდან გავიგეთ, კრიმინალები გამოუშვა. სწორედ ამიტომ თქვა, რომ მე შეგატყობინეთ ყველას და ბრიფინგიდან არ გაგიგიათო", - თქვა ჩუგოშვილმა ტვ პირველის ეთერში. 

ჩუგოშვილის აზრით, ხელისუფლებამ როგორც მინიმუმ იცოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, როგორც მაქსიმუმ კი, მან სწორედ ხელისუფლების წევრებს გაუწია ანგარიში, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდა. 

საერთაშორისო საზოგადოებისგან წამოსული წნეხის ფონზე 15 მაისს პრეზიდენტმა ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ორივე მათგანს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდნენ და დაუყონებლივ მოითხოვდნენ მათ გათავისუფლებას 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე. 

შეწყალების აქტის გამოცემიდან მალევე ქართულ ოცნებაში ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც თქვეს, რომ პრეზიდენტთან ამ საკითხის შესახებ კომუნიკაცია არ ჰქონიათ და გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყვეს.

თუმცა, 19 მაისს რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა, რომ შეწყალებამდე მან ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი გიორგი გახარია. 

კომენტარები