უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება

ვოლსკი:კორექტულობის ნიშანია, რომ პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას აცნობებს მმართველ გუნდს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის შეფასებით, კორექტულობის ნიშანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ოპოზიციის ლიდერების შეწყალებაზე მმართველ გუნდს აცნობა.

თავდაპირველად, ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგზე შეიტყვეს და ეს წინასწარ მათთვის ცნობილი არ იყო. თუმცა, რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილა განმარტა, რომ პოლიტპატიმრების შეწყალების აქტის გამოცემამდე, მან ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

ამ ფაქტს შესაბამისი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციისგან. გია ვოლსკი კი ამ საკითხზე ოპოზიციური სპექტრის კომენტარებსაც აფასებს და მისთვის ეს "ხავსზე მოჭიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს". როგორც ვოლსკი ამბობს, ოპოზიცია სკანდალური საკითხების ძებნითაა დაკავებული.

"ამაში სკანდალის ძებნა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს არის, რასაც ისინი ელოდებოდნენ და სწორედაც ეს არის, რაც საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს, თუნდაც იყოს იქ გარკვეულ ტერმინოლოგიაში შეუსაბამობები, მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას ნამდვილად, რეალურად, აქვს მთავარი პრობლემა სკანდალური საკითხების ძებნა, რომლითაც ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ ამ მათთვის უპერსპექტივო ვითარებაში", - ამბობს ვოლსკი.

ქართული ოცნება საჯარო განცხადებებში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს, მათთვის ეს "არარელევანტური" გადაწყვეტილებაა.

შეგახსნებთ, რომ 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ეს 8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო, რომელიც სრულად არ შესრულებულა, რადგან შეთანხმების მიხედვით, საპატიმრო გიორგი რურუასაც უნდა დაეტოვებინა, მაგრამ იგი კვლავ პოლიტპატიმრად რჩება. შეთანხმება 2 ნაწილისგან შედგებოდა, პირველი - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხოლო მეორე საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

კომენტარები