საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება

გარემოს დაცვის კომიტეტმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირა

parliament.ge

გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ტყის კოდექსში ცვლილებებს, რომელიც საპატრიარქოსთვის საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარედ 20 ჰექტარამდე ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს. ცვლილებები კომიტეტზე დღეს, 20 მაისს, მესამე მოსმენით გავიდა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის თქმით, სიცრუეა, თითქოს ხელისუფლება მიზანიმამრთულად, წინასაარჩევნოდ აპირებს რომ ტყეები საპატრიარქოს გადასცეს. მისი თქმით, საპატრიარქოს ახალი კანონმდებლობით უფრო მეტი ვალდებულება ექნება, ვიდრე უფლება. 

"ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ ვალდებულებებს. სპეკულაციები, თითქოს ჩვენ ტყის ტერიტორიებს უსასყიდლოდ ვაძლევთ საპატრიარქოს, არის მორიგი ტყუილი და შეურაცხყოფა იმ შრომის, რაც ჩვენ ყველამ ერთობლივად გავწიეთ, ამ კოდექსის საბოლოო კონდიციამდე მოსაყვანად", - თქვა ნინო თანდილაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მტკიცებით, საპატრიარქოს პირიქით, კიდევ უფრო შეეზღუდა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ ტყის იმ ფართობების რაოდენობა, რაც შეიძლება, სახელმწიფოსგან მიიღოს. 

კომიტეტების მხარდაჭერის შემდეგ, ცვლილებები დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. თუ პარლამენტი კანონპროექტს სამი მოსმენით მიიღებს, საქართველოს საპატრიარქოს შეიძლება, საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები. მსგავსი უფლება კი სხვა არცერთი სუბიექტისთვის არ არის განსაზღვრული.

რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ცვლილებების ამ ფორმით მიღებას ეწინააღმდეგება. მათი განცხადებით, მაშინ, როცა ქვეყანა უდიდესი გამოწვევის, COVID-19-ით შექმნილი ეპიდემიის წინაშე დგას, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ღიად არ ემორჩილება სახელმწიფოს მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილ წესებს, საქართველოს საპატრიარქოა.

TDI ამ ცვლილებებს მიმდინარე წლის თებერვალშიც გამოეხმაურა და საპატრიარქოსთვის დამატებითი და ექსკლუზიური პრივილეგიების მინიჭება უარყოფითად შეაფასა.

"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით გათვალისწინებულ სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხილვა, რომელიც დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას. ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები", - წერს TDI.

კომენტარები