საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება

მთავრობას შეეძლება თითოეულ ეკლესიასთან მდებარე 20 ჰექტარი ტყე საპატრიარქოს გადასცეს

ეროვნული სატყეო სააგენტო

სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, მთავრობას ექნება შესაძლებლობა საპატრიარქოს გადასცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესიის მიმდებარე 20 ჰექტრამდე ტყე. საუბარია არა ჯამში 20 ჰექტარზე, არამედ, თითოეულ ეკლესიასთან მდებარე ტყეებზე.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

ქონების შესახებ კანონში ცვლილებები იმ საკანონმდებლო პაკეტში შედის, რომელმაც, ავტორების აზრით, ტყის მართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები უნდა მოაწესრიგოს.

ცვლილებების მიხედვით, საპატრიარქოს შესაძლოა გადაეცეს როგორც მიჩენილი ტერიტორიები (ტყის უბნები, რომელსაც საპატრიარქო უფლებამოსილ ორგანოსთან ერთად მართავს), ასევე, კანონის ამოქმედებამდე არსებული ეკლესიების მიმდებარე ტყის ფართობები, მაქსიმუმ 20 ჰექტარი თითოეულ შემთხვევაში.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საპატრიარქოსთვის გადასაცემი ტყის ფართობი უნდა განისაზღვროს ისე, რომ გამოყოფამ არ გამოიწვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრების დარღვევა.

ცვლილებების ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების გამარტივებას, რადგან გადასაცემი ფართობი იქნება დაზუსტებული წინასწარ, კანონის საფუძველზე. 

საკანონმდებლო პაკეტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. იმ შემთხვევაში, თუ ის დეპუტატების მხარდაჭერას მესამე მოსმენაზეც მიიღებს, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

კომენტარები