8 მარტის შეთანხმება

მათიკაშვილი კუბილიუსზე: დახმარებასა და ენმ-ის ძმაკაცების გამოშვებას ვერ დავატოლებთ

"საზოგადოებისთვის ცნობილია თუ რა მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში, შესაბამისად, დახმარებაც სწორედ ამ მიმართულებითაა გამოყენებული. არ შეიძლება დახმარებასა და ნაციონალური მოძრაობის ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს, სწორედ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიზანი", - ამბობს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომელშიც ევროპარლამენტარი საქართველოსთვის გამოსაყოფ დახმარებაზე, 500 მილიონ ევროზე, საუბრობს.

ენდრიუს კუბილიუსის თქმით, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან. ამის შესახებ განცხადება კუბილიუსმა Twitter-ზე გაავრცელა.

"დღეს ნაციონალური მოძრაობა უკვე ღიად აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა საშუალებას იმისთვის, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და ეს საშუალებები არის ტყუილი და ძალადობა, რაც საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. შესაბამისად, ენმ ვერ შეძლებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში რაიმე პრობლემა შექმნას. ეს ურთიერთობა არის ძალიან მნიშნელოვანი ქვეყნისთვის", - ამბობს მათიკაშვილი.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა ქართული ოცნების მხრიდან 8 მარტს, ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების დარღვევას მოჰყვა. ქართულმა ოცნებამ შეთანხმების პირველი პუნქტი უარყო, რაც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლებას გულისხმობდა. 

"8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ ფასილიტატორი ელჩები საერთო განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯონ რიშმა განაცხადა, რომ "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით". პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლების აუცილებლობაზე რიში 10 მარტსაც საუბრობდა.


გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი (CDU/EPP), მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო. 

ევროპარლამენტარისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კიდევ ერთხელ გატეხილი პირობა "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

კომენტარები