8 მარტის შეთანხმება

გრეგოროვა თალაკვაძეზე: მისი ნათქვამი, შესაძლოა, დიპლომატიური სკანდალის საგანი გახდეს

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, განცხადებას, რომელმაც 8 მარტის შეთანხმებაში მონაწილე საელჩოებს მოუწოდა, დაადასტურონ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება ქართულ ოცნებას არ აუღია. 

მედია პროექტისთვის Пограничная ZONA მიცემულ ინტერვიუში გრეგოროვამ თქვა, რომ ის და სხვა ევროპარლამენტარები თავიდანვე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი შეთანხმების ნაწილი იყო. 

რაც შეეხება თალაკვაძის ბრიფინგს, გრეგოროვამ თქვა, რომ უპირველეს ყოვლისა, ელჩებზეა დამოკიდებული, თუ როგორი რეაქცია ექნებათ ამ განცხადებაზე, თუმცა ეს, შესაძლოა, დიპლომატიური სკანდალის საგნად იქცეს. 

"რა თქმა უნდა, ელჩებზეა დამოკიდებული, როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე და როგორ მოიქცევიან მომავალში საქართველოს მთავრობისა და იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც ამას ამტკიცებენ [რომ პოლიტპატიმრები შეთანხმების ნაწილი არ იყო], თუმცა თუკი ეს სიმართლე არ არის, და ჩვენ 8 მარტს ყველა მხარის მიერ მივიღეთ ინფორმაცია, რომ შეთანხმება იყო ისეთი, როგორიც იყო, თუკი ისინი ამტკიცებენ იმას, რაც სიმართლე არ არის, ეს, შესაძლოა, იქცეს დიპლომატიური სკანდალის საგნად. 

რა თქმა უნდა, ყოველთვის დიპლომატიურ დონეზე დარჩება და მედიაში ამაზე არ დაიწერება, მაგრამ შიგნით, პოლიტიკურად ეს იქნება უზარმაზარი პრობლემა, რადგან როდესაც არ შეგიძლია ენდო შენს პარტნიორებს, როგორ უნდა ითანამშრომლო და იმუშავო მათთან?" - თქვა გრეგოროვამ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, 11 მაისს ბრიფინგი გამართა და მოლაპარაკებებში მონაწილე ელჩებს მოუწოდა, "საჯაროდ დაადასტურონ", რომ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, ხელისუფლებას "პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება" არ აუღია. 

თალაკვაძის ამ ბრიფინგს აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირმა განცხადებითვე უპასუხეს და შეთანხმების ხელმომწერებს მოუწოდეს, სრულად დაიცვან შეთანხმება, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან. 

"ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს",- წერია განცხადებაში.

8 მარტს, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, რომელიც ორ ნაწილს მოიცავს, ერთი მხრივ, შეთანხმება ეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას მანდატების გადანაწილების 120/30-ზე პრინციპს, ხოლო მეორე მხრივ, შეთანხმება მოიცავს პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების გარდა შეხვედრებზე მყოფი ყველა მხარე, როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ამბობენ, რომ პოლიტიკური პატიმრების გათვალისწინება შეთანხმების ძირითადი ნაწილი იყო, მმართველი გუნდი ამას არ აღიარებს და ამბობს, რომ ოპოზიცია იტყუება. 

თუმცა, ოპოზიციის გარდა შეთანხმებაში პოლიტპატიმრების საკითხის არსებობს ადასტურებს აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში, გერმანელი ევროპარლამენტარი მიხაილ გალერი და შეთანხმებაში მონაწილე ფასილიტატორების განცხადება. 

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილეს კონკრეტული გვარებიც და გათავისუფლების მექანიზმებიც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი სწორედ ამის გამო არ მოაწერა.

ამასვე ადასტურებს ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც შეხვედრების ციკლის მონაწილეც იყო. ჩუგოშვილის თქმით, ის მოწმეა, რომ შეთანხმება კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეებზე რეაგირებასაც მოიცავდა. 

კომენტარები