საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: 25 მილიონი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა

ტაბულა

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის შეფასებით, საპატრიარქოს დაფინანსება, წელიწადში 25 მილიონი ლარი ძალიან ცოტაა. 

მღვდელმთავარმა ტვ პირველთან თქვა, რომ წელიწადში 500 000 ლარი, რომელიც ეპარქიის სასწავლო ცენტრისთვის საპატრიარქოს ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, საკმარისი არ არის და რომ "ვალებში იხრჩობა".

"პირველ არხს, საზოგადოებრივს, რამდენი აქვს დაფინანსება? რამდენი? ითვლება, რომ საზოგადოებრივის დაფინანსება [52 მილიონი ლარი წელიწადში] არის მიზერული. ჩვენ გვაქვს ეს თანხა, რასაც გვაძლევს სახელმწიფო [25 მილიონი ლარი წელიწადში]. 25 მილიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა. მე გეუბნებით, რომ ეპარქიაში სასწავლო ცენტრისთვის მაქვს 500 000 ლარი. მინდა გითხრათ, რომ ვიხორჩობით ვალებში. ჩემი ავტომობილის საბაზრო ღირებულება იყო 42 000 დოლარი, 2006 წელს, ერთმა პატიოსანმა ადამიანმა, რომელიც დღეს არ არის ცოცხალი, როცა ნახა, რა მანქანით დავდიოდი ჯავახეთში, შემომწირა. ეს მანქანა 2006 წლიდან დღემდე აბსოლუტურად გავცვითე, აბსოლუტურად, ისეთ ადგილებში დავდივარ, ჯავახეთია რა", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ეს "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" ანგარიშის შეფასებისას თქვა - TDI სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საპატრიარქომ ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 276,5 მილიონი ლარი მიიღო. ასევე, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს. TDI-ის შეფასებით, ყოველივე ეს რელიგიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური ურთიერთგამიჯვნის პრინციპის დარღვევაა.

ეპარქიის სასწავლო ცენტრის დირექტორი, რომლისთვისაც, როგორც ამბობს, 500 000 ლარი საკმარისი არ არის, თავად ნიკოლოზ ფაჩუაშვილია.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიხედვით, სწორედ სასწავლო ცენტრის სახელზე ფაჩუაშვილმა ნინოწმინდის სოფელ ასფარაში 2013–18 წლებში 18 სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი შეიძინა, აქედან ოთხი საკარმიდამოა. 2020 წელს კი მან სოფელ ასფარაში მიწის კიდევ 2 ნაკვეთი დაარეგისტრირა.

როგორც "სამხრეთის კარიბჭეს" თავად უთხრა, სურს, სოფელ ასფარაში „ოაზისი“ გააკეთოს.

დღეს, 7 მაისს, ტვ პირველთან საუბრისას ფაჩუაშვილმა თქვა:

"ბოლო პერიოდში, ამ ადამიანების საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ ეს ადამიანები დასახლდნენ, სხვა სოფლებიდან გამოვიდნენ, ახლა დაიცალა სოფელი, საერთოდ არავინ ცხოვრობს, ამათ დარჩათ ეს სახლები და მინდა, ეს სახლები შევიძინო და მოვაწყო უძველესი ქართული ტაძარი... მდიდარი ხალხი ვართ, ნახევარი სოფელი ჩვენია, მაგრამ ეს ნახევარი სოფელი არის 6 თუ 7 სახლი".

კომენტარები