ახალი კორონავირუსი საქართველოში

გიორგი ფხაკაძე: ეს 2 თვე სათანადოდ გამოყენებული არ ყოფილა, ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელია

პროფესორი გიორგი ფხაკაძე რუსთავი 2-თან საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მწვავე პრობლემებზე საუბრობს.

ფხაკაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (EWEC) წევრი და WHO-ს ექსპერტია.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემის კერძო სექტორი არ შეხვდა ინფექციას ისე, როგორც უნდა შეხვედროდა - ისინი რესურსს არ ხარჯავენ ტრენინგებზე. პრობლემაა შიდაჰოსპიტალური ინფექციები.

ფხაკაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ეპიდემია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, თუმცა, ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელია, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის 2 თვე კი სათანადოდ გამოყენებული არ ყოფილა.

"ჩვენ [გაეროში] ვაკეთებთ კვლევას საქართველოზე, რომელიც ეხება ბავშვებს, ქალებს და მოზარდებს. საქართველოში ფოკუსირება გავაკეთეთ კერძო სექტორის ჩართულობაზე ჯანდაცვაში.

კორონავირუსმა დაგვანახა, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო: 

  • ჯანდაცვის სისტემაში მყოფი კერძო სექტორი არ შეხვდა ინფექციას ისე, როგორც უნდა შეხვედროდა. კერძო სექტორი არ ხარჯავს იმდენ რესურსს, რამდენიც არის საჭირო ტრენინგებზე. ყველაზედიდი პრობლემა საქართველოში არის შიდა ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემა.
  • საქართველოში ეპიდემიის ძალიან დაბალი დონეა, ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვაქვს ეპიდემია. კარანტინი ეფექტური აღმოჩნდა. თუმცა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელია.
  • ეს ორი თვე ვერ იყო სათანადოდ გამოყენებული. უნდა ყოფილიყო ინტენსიური ტრენინგები და კონტროლი ყველა სამედიცინო დაწესებულებაზე. საავადმყოფოებში ინფექციების სათანადო კონტროლით დაიზღვევა არა მარტო ექიმების, არამედ პაციენტების სიცოცხლე.
  • ჩვენი ექთნები და სანიტრები მომზადებულები არ არიან.. ჩვენი ეპიდემიოლოგები უყურადღებოდ არიან დარჩენილი, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ახალგაზრდა ეპიდემიოლოგები ძალიან ცოტა გვყავს," - თქვა ფხაკაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები