კორონავირუსი იტალიაში

იტალიის პრემიერმინისტრმა მოსახლეობას ეკონომიკური სირთულეების გამო ბოდიში მოუხადა

ჯუზეპე კონტე
Getty Images

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოსახლეობას ეკონომიკური სირთულეების გამო ბოდიში მოუხადა და კარანტინის მოხსნის შემდეგ ნათელ მომავალს დაჰპირდა. კონტემ აღიარა, რომ მთავრობამ დაგვიანებით გასცა 50 მილიარდი ევრო იმ ოჯახებსა და ბიზნესებზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად შემოღებული ზომების გამო დაზარალდნენ.

"ზარალის ანაზღაურებისას იყო და კვლავ არის შეფერხება. მთავრობის სახელით ბოდიშს გიხდით და გარწმუნებთ, რომ ანაზღაურებას გავაგრძელებთ და დაფინანსება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება...ბევრი შფოთავს და შეწუხებულია ამ კრიზისში, რადგან ქვეყანა დაკეტილია და მათ სამუშაო ადგილებს საფრთხე ემუქრება. მე წავიკითხე წერილები, წარმოვიდგინე თავი თქვენს ადგილას და ვიგრძენი მდგომარეობის სრული სიმძიმე." დაწერა მან Facebook-ზე.

კორონავირუსის პანდემიის გამო მოსალოდნელია, რომ იტალიის ეკონომიკა მიმდინარე წელს 8%-ით შემცირდება, თუმცა კონტემ თქვა, რომ ამ მაჩვენებელმა შესაძლოა 10%-ს მიაღწიოს, თუ ვირუსი კვლავ გავრცელდება და დამატებითი ზომები გახდება საჭირო.

კონტეს მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ ვირუსის კვლავ გავრცელების შემთხვევაში კარანტინი გამოცხადდეს არა მთელ ქვეყანაში, არამედ ცალკეულ რეგიონებში.

იტალიაში კარანტინის ზომების შემსუბუქება მომავალი კვირიდან დაიწყება. კონტეს თქმით 4 მილიონამდე იტალიელი სამუშაოს დაუბრუნდება.

ბოლო მონაცემებით იტალიაში ახალი კორონავირუსი სულ 205,463 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 27,967, გამოჯანმრთელდა 75,945 ადამიანი.

კომენტარები