კორონავირუსი იტალიაში

იტალიის მთავრობამ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ავსტრალიაში ექსპორტი შეზღუდა

Reuters

იტალიის მთავრობამ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ავსტრალიაში ექსპორტი შეზღუდა. გადაწყვეტილება იტალიაში, AstraZeneca-ს ქარხანაში წარმოებულ ვაქცინის 250 000 დოზას შეეხება.

იტალიის ხელისუფლებამ ევროკომისიას გასულ კვირას აცნობა, რომ ვაქცინების ექსპორტის შეზღუდვას გეგმავდა. ხუთშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაქცინების ექსპორტის თხოვნის განაცხადი 24 თებერვალს მიიღეს და დოზების დიდი რაოდენობის გამო დაბლოკეს. უწყების განმარტებით, ავსტრალია განსაკუთრებით ეპიდმდგომარეობით "დაუცველი" ქვეყნების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, ხოლო იტალიასა და ევროკავშირში ვაქცინების დეფიციტია. ავსტრალიისთვის გასაგზავნი დოზების რაოდენობა კი იტალიისა და ევროკავშირისთვის მიწოდებული ვაქცინის რაოდენობასთან შედარებით საკმაოდ მაღალი იყო.

იმუნიზაციის პროცესი ავსტრალიაში გასულ კვირას Pfizer-ის ვაქცინით დაიწყო. 5 მარტიდან კი ვაქცინაციისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებაც უნდა დაეწყოთ.

იტალია პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირის ახალი რეგულაცია გამოიყენა, რომელიც ქვეყნებს საშუალებას აძლევს, შეზღუდონ ვაქცინის ექსპორტი, თუ ვაქცინის მწარმოებელი კომპანია ევროკავშირთან შეთანხმებულ ვალდებულებებს არღვევს.

ამ ეტაპზე AstraZeneca 2020 წლის პირველ სამ თვეში ევროკავშირისთვის თავდაპირველად შეთანხმებული ვაქცინების რაოდენობის მხოლოდ 40% მიწოდებას შეძლებს. კომპანია შეფერხების მიზეზად წარმოებაში არსებულ სირთულეებს ასახელებს. იანვარში, იმ დროისთვის იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ თქვა, რომ AstraZeneca-სა და Pfizer-ის მიერ ვაქცინის მიწოდების დაგვიანება მიუღებელია და კომპანიები კონტრაქტების დარღვევაში დაადანაშაულა.

ავსტრალიას, ევროკავშირს და AstraZeneca-ს იტალიის მიერ ავსტრალიაში ვაქცინის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები