აშშ-ჩინეთი

ტრამპი: ჩინეთს შეეძლო ვირუსი მალევე შეეჩერებინა, მათით კმაყოფილები არ ვართ, საკითხს ვიძიებთ

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთს კორონავირუსის შეჩერება შეეძლო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გლობალურად გავრცელდებოდა და მისი ადმინისტრაცია ამ საკითხს სერიოზულად შეისწავლის.

"ჩვენ სერიოზულ გამოძიებას ვაწარმოებთ. ჩინეთით კმაყოფილები არ ვართ. მათი პასუხისგებაში მიცემა ბევრი გზით შეიძლება. ჩვენ გვჯერა, რომ [ვირუსის] შეჩერება წყაროსთანვე შეიძლებოდა. მისი შეჩერება სწრაფად შეიძლებოდა და ის მთელ მსოფლიოში არ გავრცელდებოდა." თქვა მან.

ჩინეთის საგარეო სამინისტროს სპიკერმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ჩინეთისადმი ბრალდებების წამოყენებით ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი ცდილობს ყურადღება გადაიტანოს ვირუსზე მათი არაადეკვატური პასუხისაგან.

გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ აშშ-ის მოსაზრებით ოფიციალურმა პეკინმა ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დროულად არ გაამჟღავნა და დამალა, თუ რამდენად საშიში იყო ის.

თეთრი სახლის სავაჭრო მრჩეველმა პიტერ ნავარომ კი ჩინეთი კორონავირუსის ანტისხეულების დაბალი ხარისხის და ყალბი ტესტების მიწოდებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ჩინეთი ცდილობს პანდემიისაგან მოგება მიიღოს:

"ჩინეთიდან ანტისხეულების ბევრი ტესტი შემოდის, რომელიც დაბალი ხარისხისაა, მცდარ შედეგს იძლევა...ვერ დავუშვებთ, რომ ჩინეთმა ეს ყალბი ტესტები შემოიტანოს. ეს ძალიან დამანგრეველი იქნება." თქვა მან.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ვირუსის გამო ტრამპმა ჩინეთს ბრალდებები წაუყენა და თქვა, რომ საკითხს შეისწავლიდნენ. მან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩინური დეზინფორმაციის ხელშეწყობაში დაადანაშაულა და დაფინანსება შეუწყვიტა.

კომენტარები