კორონავირუსი ამერიკაში

ნიუ-იორკის წამყვანმა ექიმმა, რომელიც COVID-19-ს აქტიურად ებრძოდა, თავი მოიკლა

ლორნა ბრინი

ნიუ-იორკის წამყვანმა ექიმმა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში, თავი მოიკლა.

ექიმი ლორნა ბრინი, მანჰეტენზე არსებული Presbyterian Allen Hospital-ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების სამედიცინო დირექტორი იყო. ის, კვირას, თვითდაზიანების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

49 წლის ექიმის მამამ, ფილიპ ბრინმა, New York Times-თან საუბრისას თქვა, რომ მისმა შვილმა "სცადა, შეესრულებინა თავისი სამუშაო და მან ის შეიწირა".

მისივე თქმით, ლორნა ბრინი სამუშაოს შესრულების დროს ახალი კორონავირუსით დაავადდა და სამსახურში კვირა-ნახევრის შემდეგ დაბრუნდა, მას მერე, რაც ძალები აღიდგინა. მამა ასევე იხსენებს, რომ ის საავადმყოფომ კვლავ სახლში გააგზავნა და ამის შემდეგ, ოჯახმა ექიმი შარლოტსვილში წაიყვანა. ლორნა ბრინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით სწორედ იქ დაასრულა.

ფილიპ ბრანმა ქალიშვილთან ბოლო საუბარიც გაიხსენა და თქვა, რომ ის უყვებოდა, როგორ იღუპებოდნენ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მანამდე, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანებიდან გადმოიყვანდნენ.

ლორნა ბრინის დედის თქმით, მის შვილს ფსიქიკური დაავადების არანაირი ისტორია არ ჰქონდა.

აშშ-ში ახალი კორონავირუსით დადასტურებულმა შემთხვევებმა 1 მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 56 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 139 ათასზე მეტი.

კომენტარები