კორონავირუსი ამერიკაში

გუბერნატორი: ქალაქ ნიუ-იორკში ანტისხეულებზე ტესტირებულთა 21%-ს დადებითი პასუხი ჰქონდა

ნიუ-იორკი.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს თქმით, ქალაქ ნიუ-იორკში [New York City] ახალი კორონავირუსის ანტისხეულებზე ტესტირებულთა 21%-ს დადებითი პასუხები აღმოაჩნდათ.

აშშ-ის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მთლიანად ნიუ-იორკის შტატში, სუპერმარკეტების 3000 მომხმარებელს Covid-19-ის ანტისხეულებზე ტესტირება ჩაუტარდათ. გუბერნატორის თქმით, შტატის მასშტაბით ტესტირებებზე დადებითი პასუხები 14%-ს ჰქონდა, ხოლო ქალაქ ნიუ-იორკში - 21%-ს.

ტესტირებების შედეგის მიხედვით გამოდის, რომ ნიუ-იორკის შტატში იმაზე მეტი ადამიანი იყო ინფიცირებული ახალი კორონავირუსით, ვიდრე ეს ოფიციალურად არის აღრიცხული.

"ეს ასევე ნიშნავს, რომ ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალია, დაახლოებით 0.5%", - თქვა ენდრიუ კუომომ.

ამასთან ერთად საგულისხმოა, რომ სუპერმარკეტის მომხმარებელთა ტესტირების შედეგები, არ ასახავს მთლიანად შტატში არსებულ მდგომარეობას. ერთი მხრივ, ეს არის ხალხი, რომლებიც გარეთ გამოდიან და დროს მაღაზიებში ატარებენ, ამიტომ ვირუსის გავრცელების რისკი მათში უფრო მაღალია. მეორე მხრივ, ისინი, სავარაუდოდ არ არიან აქტიურად ავად, ან არ ცხოვრობენ მოხუცებულთა სახლებში, სადაც კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია.

"რას ნიშნავს ეს [შედეგები]? არ ვიცი. ეს არის ხალხი, რომლებიც გარეთ იყვნენ გამოსულები და რაღაცებს ყიდულობდნენ. ესენი არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც სახლებში იყვნენ, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებონდნენ ან კარანტინში", - თქვა ენდრიუ კუომომ.

23 აპრილის მონაცემებით, ამერიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 868,482 შემთხვევა არის ოფიციალურად გამოვლენილი, ნიუ იორკში კი - 268,512 შემთხვევა.

---

ანტისხეულების აღმომჩენი ტესტი ადამიანის ორგანიზმის მიერ ვირუსის საწინააღმდეგოდ გამომუშავებულ ანტისხეულებს ნახულობს. ამ ტიპის ტესტირების დროს გამოიყენება ფერმენტშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი ე.წ. ELISA, მასალაში მოლეკულები ანტისხეულს ან ანტიგენს უკავშირდება და წარმოიქმნება აღქმადი სიგნალი. ამგვარი ტიპის ტესტი შეიძლება ჩატარდეს ლაბორატორიაში ან ლაბორატორიის გარეთ (Point of Care), დამოკიდებულია ტესტის ტიპზე. ეს ტესტი გამოიყენება ზოგადი ინფექციის და მოსახლეობის იმუნური სტატუსის შესაფასებლად. ანტისხეულებზე ტესტი აჩვენებს ორ რამეს, ვის აქვს გადატანილი - ოღონდ, ამას დაახლოებით 2 კვირის შემდეგ აჩვენებს და ვის აქვს მწვავე პროცესის დროს, სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 7 დღეში. მიმდინარე ინფექციის აღმოსაჩენად ტესტის გამოყენება შესაძლოა სკრინინგულად (დაავადების საწყის ფაზაში ტესტი შესაძლოა არ იყოს სანდო).

რაში შეიძლება გამოგვადგეს ანტისხეულებზე დამყარებული ტესტების გამოყენება?

ანტისხეულების ტესტებით ვიგებთ, ვის აქვს გადატანილი ვირუსი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სხეულს ახალი ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი სავარაუდოდ უკვე გამომუშავებული აქვს და მას ხელახლა დაინფიცირებისგან იცავს. ამ ადამიანებს გარეთ გასვლა სხვებზე მეტად შეეძლებათ და ერთგვარი ბუფერები იქნებიან სხვა ადამიანებისთვის, ვისაც ვირუსი არ შეხვედრია.

აქვე, ასევე აღსანიშნავია, რომ უცნობია რამდენ ხალხს გრძელდება ეს იმუნიტეტი ასევე ვერ გამოვრიცხავთ, რომ უკვე დაავადება გადატანილი ადამიანი მეორეჯერ არ დაინფიცირდება, თუმცა ვირუსგადატანილი ადამიანი ვირუსის წინააღმდეგ მეტად გამძლეა. კოლუმბიის უნივერსიტეტის ვიროლოგის ანგელა რასმუსენის თქმით, სხვა კორონავირუსების შემთხვევაში, რაც ჩვეულებრივ გაციებას იწვევს, ხელახლა დაავადება შესაძლებელია, თუმცა წლების და არა კვირებისა და თვეების შემდეგ. ჯერჯერობით, უცნობია ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ხელახლა დაავადების დრო, უნდა დავიცადოთ და ვნახოთ.

აღსანიშნავია, იმ ადგილებში, სადაც ვირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმომჩენი ტესტის ჩატარება, რათა გავიგოთ დაინფიცირების მაჩვენებელი და ვივარაუდოთ, ახალი ვირუსი წინააღმდეგ საზოგადოებას როდის გამომუშავდება ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი ან მისი გამომუშავების რა ეტაპზე ვართ.

კომენტარები