კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: ბოლნისიდან და შინდისიდან 4 პირი გადმოიყვანეს, ჩვენთან 3 შემთხვევა დადასტურდა

რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში ბოლნისიდან და შინდისიდან 4 პაციენტი გადმოიყვანეს. მათ კორონავირუსი აქვთ დადასტურებული. 

"დაემატა 7 პაციენტი. აქედან, 4 გადმოყვანილია უკვე დადასტურებული დიაგნოზით, 3 პაციენტის დიაგნოზი დადასტურდა ჩვენს კლინიკაში", - თქვა მან.

სოლოღაშვილის ინფორმაციით, ერთი მათგანი არასრულწლოვანია. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია. მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯამში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსი 54 პაციენტს აქვს დადასტურებული.  

მისივე თქმით, გუშინ, 27 აპრილს, 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. ამ დროისთვის კლინიკაში 11 არასრულწლოვანი მკურნალობს.  

"1 პაციენტი არის მძიმე და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. არის ახალგაზრდა მამაკაცი, სტაბილურად მძიმეა. 11 პაციენტი არის საყურადღებო. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - თქვა სოლოღაშვილმა.  

ექიმის ინფორმაციით, 11 საყურადღებო პაციენტიდან 3 ასაკის გამო რისკ ჯგუფს მიეკუთვნება. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 6 - გარდაიცვალა.

კომენტარები