კორონავირუსი და ეკლესია

ვაშაძე: მთავრობა მალავს ინფიცირებულებს, აღდგომის შემდეგ მკვეთრ მატებას ეკლესიას დააბრალებს

ახალი საქართველო

"ხელისუფლება სავარაუდოდ მალავს და აყალბებს მონაცემებს, რასაც აღდგომის შედეგ აუცილებლად მოჰყვება ინფიცირებულთა მკვეთრი მატება და ამას ხელისუფლება საპატრიარქოს და მრევლის დაუდევრობას დააბრალებს" - ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე საპატრიარქოს მიმართავს და მოუწოდებს, აღდგომის დღესასწაულზე, ერთჯერადად გამოაცხადოს წირვა მრევლის გარეშე.

"მინდა, მივმართო არა ხელისუფლებას, რომელმაც პილატეს მზაკვრული გზა უკვე აირჩია, არამედ საპატრიარქოს.

მეგობრებო, ქვეყანაში დაწყებულია საშიში ვირუსის ფარული, მრავალჯერადი, უკონტროლო გავრცელება, რადგან არ გვაქვს მასობრივი ტესტირება. ჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებმაც, არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან, შესაბამისად, სავარაუდო ინფიცრებულთა რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე არსებული სტასტიტიკა

პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლება სავარაუდოდ მალავს და აყალბებს მონაცემებს, რასაც აღდგომის შედეგ აუცილებლად მოჰყვება ინფიცირებულთა მკვეთრი მატება და ამას ხელისუფლება საპატრიარქოს და მრევლის დაუდევრობას დააბრალებს.

მოგმართავთ თხოვნით - გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ნუ გამოცდით უფალს და განსაცდელში ნუ შევიყვანთ ჩვენს მოქალაქეებს. მრევლს მოვუწოდებთ დროებით, ერთჯერადად გამოაცხადოთ წირვა მრევლის გარეშე, ხოლო უპასუხისმგებლო ხელისუფლება ერთად ვაიძულოთ, მკაცრად გააკონტროლოს ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამოქალაქო წესრიგი. საფრთხე რეალურია და ერთმანეთის გადარჩენისთვის სხვა არჩევანი არც ჩვენ და არც ქვეყანას სამწუხაროდ არ აქვს" - ამბობს გიორგი ვაშაძე.

პანდემიის, ახალი კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საპატრიარქო ამ დრომდე აგრძელებს ტაძრებში წირვა-ლოცვებს და მრევლის ერთი კოვზით ზიარებას. დაგეგმილია სააღდგომო ლიტურგიაც - მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე შეიკრიბება და იქაურობას დილის 06:00 საათამდე არ დატოვებს. მთავრობა ამას საპატრიარქოსთან "შეთანხმებას" უწოდებს. 

ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, დარჩნენ სახლში, თუკი არ სურთ, რომ საქართველოში იტალიის სცენარი განმეორდეს და ქვეყანა "კუბოების თვლას" ვერ აუვიდეს. ისინი აღდგომიდან ორ კვირაში, რამდენიმე ათას ინფიცირებულს ელოდებიან. ინფექციონისტების შეფასებით, მრევლზეა დამოკიდებული ეპიდემიის განვითარების სცენარი.

მთავარი პრობლემა ჯანდაცვის სექტორის ადამიანური რესურსია - მხოლოდ 488 რეანიმატოლოგისა და 258 ინფექციონისტით, სისტემა, ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, მაქსიმუმ 1 200 ადამიანის მოვლას შეძლებს. 

კომენტარები