კორონავირუსი და ეკლესია

"გადაიყვანეთ მრევლი ლიტურგიიდან ორკვირიან კარანტინში" - მოქალაქეთა პეტიცია მთავრობას

საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ და მოითხოვენ, რომ სააღდგომო ლიტურგიიდან მრევლი ორკვირიან კარანტინში გადაიყვანონ, როგორც ეს სხვა სარისკო ვითარებებში ხდება.

"საქართველოს მთავრობას!

გთხოვთ უზრუნველყოთ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება ახალი კორონა-ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

გამონდინარე იქიდან, რომ საქრთველოს მოსახლეობის ნაწილი არ ექვემდებარება საგანგებო მდგომარეობით დადგენილ წესებს და კომენდანტის საათის მიუხედავად დაგეგმილია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება, რაც არაერთ რისკთან არის დაკავშირებული, მოვითხოვთ, აღდგომის ღამეს, ყველა ეკლესიასთან დააყენოთ პატრული და საზეიმო წირვის შემდეგ მრევლი გადაიყვანოთ ორკვირიან კარანტინში, ისე, როგორც ამას აკეთებდით სხვა სახიფათო და სარისკო სიტუაციებში." - ვკითხულობთ პეტიციის მიმართვაში, რომლის ავტორი მოქალაქე მაია ცირამუაა.

12 საათის განმავლობაში პეტიციას უკვე 1500-მდე მოქალაქემ მოაწერა ხელი.

პეტიცია ღიაა და მასზე ხელის მოწერა ყველას შეუძლია.

ხელისუფლებამ და საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, აღდგომის ღამეს მოქალაქეები ლიტურგიას დაესწრონ, ხელისუფლება კი ტაძრებში სოციალურ დისტანცირებას უზრუნველყოფს.

კომენდანტის საათი და მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა ძალაში რჩება. შესაბამისად, მრევლი ტაძრებში თავს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე უნდა დარჩეს.

ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიად გამოცხადდა.

Covid 19 ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით, ყველა აქამდე ცნობილ ვირუსზე მარტივად გადადის და განსაკუთრებულ საფრთხეს ასაკით უფროს ადამიანებს, ასევე, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირებს უქმნის.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის ამ დროისთვის გამოწერილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდება, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

კომენტარები