რუსეთი

რუსეთიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტი 25%-ით შემცირდა, განულებულია ინვესტიციები

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 2020 წლის პირველი კვარტლის საგადასახადო ბალანსის შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რუსეთში პრაქტიკულად განულებულია, მეოთხედით შემცირდა ნავთობისა და გაზის ექსპორტი. 

საბანკო სექტორის გამოკლებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 200 მილიონი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის პირველ კვარტალში მაჩვენებელი 10,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 

ამავე პერიოდში გამოვლინდა პორტფელური ინვესტიციების გადინება 1,2 მილიარდი დოლარის ოდენობით. შედარებისთვის, 2019 წლის პირველ კვარტალში კაპიტალის შედინება 6,8 მილიარდი დოლარი იყო. 

როგორ წესი, ნებისმიერი კრიზისის დროს განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალის მნიშვნელოვანი გადინება ხდება. ინვესტორები ცდილობენ, თანხები უკვე ფორმირებული ფინანსური სისტემების მქონე განვითარებულ ეკონომიკებში გადაიტანონ. 

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის წმინდა ექსპორტი 14%-ით შემცირდა. წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი შეინარჩუნა არანედლეულის ექსპორტმა. აქედან გამომდინარე, კლება ძირითადად ნავთობისა და გაზის ექსპორტის შემცირებით იყო განპირობებული. 

მოთხოვნისა და ფასების ვარდნის ფონზე ნედლეული 24,5%-ით შემცირდა და 47,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში გაზსადენებით მიწოდებული გაზის მოცულობა თითქმის ორჯერ შემცირდა. გაზის ექსპორტის შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, შედარებით თბილი ზამთარი ევროპაში და 2019 წლის ბოლოს განხორციელებული სამარაგო შესყიდვები. 

პარალელურად, შემცირებულია როგორც სერვისების იმპორტის, ასევე, სატრანსპორტო მომსახურების მოცულობა.

კომენტარები