ჩინეთი

McDonalds-მა ჩინეთში დროებით დახურა რესტორანი, სადაც შავკანიან ადამიანებს არ უშვებდნენ

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჩინეთში, კუანტუნგის პროვინციის ქალაქ კუანჭოუს ერთერთ McDonalds-ში შავკანიან ადამიანებს შესვლას უკრძალავდნენ, McDonalds-მა ეს რესტორანი დროებით დახურა და ბოდიში მოიხადა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში რესტორანში ჩანს გაფრთხილება - "ჩვენ შეგვატყობინეს, რომ ამიერიდან შავკანიან ადამიანიებს რესტორანში შემოსვლის უფლება არ აქვთ".

McDonalds წერს, რომ შავკანიანი ადამიანების აკრძალვა მათ ფასეულობებს ეწინააღმდეგებოდა. 

აფრიკელებისთის ჩინეთში ერთერთი ყველაზე დიდი დასახლება სწორედ კუანჭოუშია, სადაც ისინი ძირითადად ბიზნესსაქმიანობას ეწევიან. კუანჭოუში აფრიკელები აცხადებენ, რომ კვირაზე მეტი ხანია, რაც დისკრიმინაციას განიცდიან. 

BBC წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ კვირას კუანჭოუში ასობით აფრიკელი სასტუმროებიდან და ბინებიდან კარანტინში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც გავრცელდა ჭორები, რომ კორონავირუსი აფრიკელ ადამიანებში ვრცელდებოდა.

მათი თქმით, სამედიცინო პერსონალი კარდაკარ დადის და აფრიკელებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სიმპტომები, მოგზაურობის ისტორია ან დაინფიცირებულ პაციენტთან შეხება, კორონავირუსზე ტესტს უტარებენ და კარანტინში გადაჰყავთ.

BBC წერს, რომ ვრცელდება ვიდეოები, სადაც აფრიკელები ქუჩებში, სასტუმროს შესასვლელებში, ხიდების ქვეშ და პოლიციის შენობებთან ატარებენ ღამეს.

ჰონგ-კონგის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კუანჭოუში ადგილობრივი მაღალჩინოსნების თქმით, 15 მილიონიან ქალაქში 8 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომლებიც იუესიუს რაონში ე.წ. პატარა აფრიკაში იმყოფებოდნენ. აქედან 5 ნიგერიელია, ჩინელი მაღალჩინოსნების თქმით, მათ სავალდებულო კარანტინი დაარღვიეს და რამდენიმე რესტორანში და საჯარო სივრცეში იმყოფებოდნენ. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისინი დაახლოებით 2000 ადამიანს ეკონტაქტნენ.

9 აპრილის ჩინეთის ინფორმაციით, კუანჭოუში 114 ადამიანს ჰქონდა ახალი ვირუსი, აქედან 16 აფრიკელს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთში მყოფი აფრიკელი ამერიკელებისთვის და მათთვის, ვისაც აფრიკელებთან ჰქონდა შეხება, გამოსცა გაფრთხილება, რომ კუანჭოუში წასვლისგან თავი შეეკავებინათ:

"სამწუხაროა, მაგრამ არაა გასაკვირი, რომ ჩინელი მაღალჩინოსნების მხრიდან აფრიკელებისადმი ასეთ ქსენოფობიას ვხედავთ".

ჩინეთის საგარეო სამიანისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა ყველა უცხოელს თანაბრად ექცევა.

კომენტარები