ეკონომიკა

კოვზანაძე: ეკონომიკური ზრდა წელს არ გვექნება, იქნება შემცირება 4-5%-ით

დიმა ჩიკვაიძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და საბიუჯეტო პრობლემებზე ისაუბრა. კოვზანაძის თქმით, მის ხელთ არსებული მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტი შესრულდა, როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების ნაწილშიც.

"ხარჯების ნაწილში შესრულება არის, უფრო მეტი დახარჯა სახელმწიფო ბიუჯეტმა 235 მილიონით. ეს გასაგებია, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს საშუალებას, რომ ეს ხარჯები გასწიოს. მინდა ვთქვა, რომ არსებული მონაცემებით 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ბიუჯეტი არის შესრულებული", — განაცხადა კოვზანაძემ.

საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ბიუეჯეტის მიმართულებით პრობლემები უკვე აპრილში წარმოიქმნა, თუმცა მაისში ის უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. 

"ბუნებრივია, რომ ეხლა უკვე სახელმწიფო ბიუჯეტში პრობლემა გვეწყება, ეს უკვე მოჩანს აპრილში და რეალურად სერიოზული პრობლემა იქნება უკვე მაისში, როგორც საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, ასევე საერთო შემოსავლების თვალსაზრისით", — ამბობს კოვზანაძე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან ფინანსურ დახმარებას მიიღებს, ბიუჯეტის დაგეგმილი დეფიციტი 2,5%, ჯერადად გაიზრდება, რაც მინიმუმ 100%-იან ზრდას გულისხმობს. კოვზანაძის თქმით, შესაბამისი ცვლილებებით განახლებული ბიუჯეტი პარლამენტში მაისში შევა.

"ეს ყველაფერი იქნება იმ ციფრებში და სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებში იქნება წარმოდგენილი, რომელსაც მთავრობა მაისში შემოიტანს."

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, კოვზანაძე ამბობს, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის ფაზაში შევა.

"რეალურად ჩვენ რეცესიაშიც შევალთ, წელს დაგეგმილი გვქონდა 4,5%-იანი ზრდა და ბუნებრივია, ზრდა არ გვექნება, იქნება შემცირება. რამდენი იქნება ზუსტად, ამ დროისთვის ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ 4-5%-იანი კლება შეიძლება იყოს", — აცხადებს ირაკლი კოვზანაძე. 

კოვზანაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ შექმნილ კრიზისს საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება და ეგზისტენციალური რისკები ამ მიმართულებით არ არსებობს.

კომენტარები