ქურდული სამყარო

შსს: "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის 2 პირი დავაკავეთ, ამავე საქმეზე დაკავებულია გამომძიებელი

shutterstock

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთში "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს, ჭიათურაში მოაწყვეს "ქურდული შეკრება" და მანგანუმის მადნის მომპოვებელ ერთ-ერთ შპს -ს წარმომადგენელს აიძულებდნენ საწარმოს მოგების 30%-ის გადახდას.

"გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები ზეწოლის შედეგად მისაღები თანხის ნაწილს კრიმინალური ავტორიტეტებისათვის განაწილებას აპირებდნენ", - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, ამავე საქმეზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელიც დააკავეს.

მ.ბ.-ს ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=neM3uPo89qA&feature=emb_logo]

კომენტარები