დეზინფორმაცია კორონავირუსის შესახებ

ევროკავშირი რუსეთს და ჩინეთს კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

Washington Post

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ახალი ანგარიშის მიხედვით რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ დეზინფორმაციის და მცდარი ახალი ამბების გავრცელების გზით დაასუსტონ ევროკავშირის პასუხი კორონავირუსის პანდემიაზე.

"ევროკავშირში და სხვაგან, კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანიის მიზანია გავლენა მოახდინოს მოწყვლად უმცირესობებზე პანდემიის პირობებში და გააღვივოს უნდობლობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ იმის თაობაზე, რომ მათ არ შეუძლიათ სათანადო რეაგირება. ზოგიერთი სახელმწიფო და სახელმწიფო აქტორი ცდილობს გამოიყენოს ჯანდაცვის კრიზისი საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის და ხშირად პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის და მისი პარტნიორების სანდოობას." ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით კრემლის მიერ დაფინანსებული მედიები, RT და Sputnik აქვეყნებენ სტატიებს, რომლებიც შეიცავს მცდარ ინფორმაციას. ისინი ავრცელებენ შეთქმულების თეორიებს და ამით უპირისპირდებიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ მითითებებს. მაგალითად, Sputnik Deutschland, რომელიც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ ხელების დაბანა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური არ არის.

ანგარიშში 22 იანვრის შემდეგ გამოვლენილია კრემლის მიერ დაფინანსებული მედიების მიერ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების 150-ზე მეტი შემთხვევა. გარდა ამისა, ეს მედიები ხაზს უსვამენ იმას, თუ როგორი მომზადებულია რუსეთი პანდემიასთან საბრძოლველად და როგორ ეხმარება ის ვირუსისგან დაზარალებულ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი იტალიას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ იტალიისთვის გაგზავნილი ტვირთების 80% სრულიად უსარგებლო გამოდგა.

რაც შეეხება ჩინეთს, ამ შემთხვევაში საუბარია როგორც ჩინური სახელმწიფო მედიის, ასევე ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელი ოფიციალური პირების მხრიდან შეთქმულების თეორიების გავრცელებაზე, რომლებიც ვირუსის წარმომავლობას შეეხება.

მაგალითად, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გაავრცელა შეთქმულების თეორია, რომ ვირუსი ჩინეთის ვუჰანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩინეთს მოსთხოვა შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება და ეპიდემიის გამოწვევის გადაბრალება. პომპეომ ჩინეთი, რუსეთი და ირანის რეჟიმი კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს აშშ-ის მიერ განხორციელებული აქტივობებისთვის ძირის გამოთხრა სურდათ.

ჩინეთის შემთხვევაშიც ჩინური მედია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორი მადლიერების არიან ევროპის ქვეყნები ჩინეთის მხრიდან მიღებული დახმარების გამო.

ევროკომისია საკითხის შესასწავლად Google-თან, Facebook-თან, Twitter-თან და Microsoft-თან თანამშრომლობს. რუსეთი და ჩინეთი დეზინფორმაციის გავრცელებაზე ბრალდებებს უაყოფენ.

უკანასკნელი მონაცემებით ჩინეთში ახალი კორონავირუსი სულ 81,554 ადამიანს გამოუვლინდა, დაიღუპა 3,312. საგულისხმოა, რომ ჩინეთი ასიმპტომურ პაციენტებს საერთო შემთხვევათა სტატისტიკაში არ აღრიცხავდა და მსგავსი პაციენტების აღრიცხვა აპრილიდან დაიწყო.

რუსეთში ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსით დაავადების 2,337 შემთხვევა დადასტურდა, დაიღუპა 17 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პროფკავშირის "ექიმების ალიანსი" აქტივისტი და ექიმი ანასტასია ვასილევა ამბობს, რომ რუსეთში ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და სიმპტომების მქონე პირებს პნევმონიის მქონე პაციენტებად ნიღბავს. 

ვასილევამ "ექიმების ალიანსის" ოფიციალურ YouTube-არხზე ვიდეომიმართვა 10 მარტს გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ხელისუფლება მუდმივად იტყუება კორონავირუსთან დაკავშირებით, ახლა თავიანთი უპასუხისმგებლო მოქმედებებით, ხელს უწყობენ კიდეც მის გავრცელებას.

კომენტარები