გამშვები პუნქტები თელავთან და ახალციხესთანაც განთავსდება

თავდაცვის სამინისტრო

პრემიერის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გამშვები პუნქტები თელავის და ახალციხის შესასვლელთანაც განთავსდება.

"საქართველოს მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტის საზღვარზე ამოქმედდა ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმი, მოწყობილია გამშვები პუნქტები, რომელიც მოაწყო შსს-ს ძალებმა თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად. ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებისა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არის დადგენილი. მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმო სკრინინგი.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური რეჟიმი ამოქმედდება კიდევ 2 მუნიციპალიტეტში - თელავსა და ახალციხეში",- თქვა ჩიქოვანმა ბრიფინგზე, რომელიც საკოორდინაციო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ადამიანების გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, საკონტროლო გამშვები პუნქტები ამ დრომდე თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებშია მოწყობილი.

საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინი, 31 მარტის 21:00 საათიდან 00:06 საათამდე კი კომენდანტის საათიც ამოქმედდება.

31 მარტის 12:30 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

კომენტარები