ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რუსეთის მიერ საზღვრების სრულად ჩაკეტვის გადაწყვეტილების პარალელურად, ქვეყანასთან ე.წ "საზღვარი" ოკუპირებულმა აფხაზეთმაც ჩაკეტა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას, ე.წ ბრძანებით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან ე.წ "საზღვარი" ჩაკეტა.
"20 აპრილამდე შეიზღუდოს [ოკუპირებული] აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე ადამიანების შემოსვლა. გამონაკლისია [ოკუპირებული] აფხაზეთის რესპუბლიკაში [დე-ფაქტო] აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, [ოკუპირებული] აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამმართველოს სამხედროები და საერთაშორისო სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები,"- წერია ე.წ ბრძანებაში.
მოგვიანებით ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა დე-ფაქტო მინისტრმა განმარტა, რომ შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეებსაც ეხებათ.
ამ განცხადებიდან მალევე გამოქვეყნდა რუსეთის პრემიერმინისტრის, მიხაილ მიშუსტინის, ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა 30 მარტიდან საზღვრებს სრულად ჩაკეტავს.