რუსეთის ელჩი აშშ-ში: მზად ვართ, კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ-ს დავეხმაროთ

ანატოლი ანტონოვი
Коммерсантъ

აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის, განცხადებით, "რუსეთი მზადაა", ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ვაშინგტონს "დაეხმაროს". 

ელჩი ამბობს, რომ მისთვის "მიუღებელია" მოსაზრებები, რომ რუსეთის დიაგნოსტირების სისტემა შეუსაბამოა. 

"ჩვენმა ტესტებმა ჩინეთსა და ირანში თავისი უმაღლესი ხარისხი აჩვენა, ახლა იტალიას გადავეცით. უბრალო ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთი აუცილებლობის შემთხვევაში მზად იქნება დასახმარებლად,"- ამბობს ანტონოვი. 

რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 145-მილიონიან ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 500-მდეა, საიდანაც 22 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა. 

ამ ვერსიას საეჭვოდ მიიჩნევენ რუსი მაღალჩინოსნებიც კი. 25 მარტს მოსკოვის მერმა, სერგეი სობინიანიმ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა და უთხრა, რომ მოსკოვში რეალურად უფრო მეტია ინფიცირებული, ვიდრე ინფორმაცია აქვთ და რომ ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ვირუსი სწრაფად ვრცელდება.

10 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში რუსი აქტივისტი და ექიმი ანასტასია ვასილევა ამბობს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და სიმპტომების მქონე პირებს პნევმონიის მქონე პაციენტებად ნიღბავს და სხვა დარგის სპეციალისტებს, როგორებიც არიან კარდიოლოგები, თუ გინეკოლოგები, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან სპეციალური აღჭურვილობის გარეშე უშვებენ.

აქტივისტი ხელისუფლებას ტყუილსა და კორონავირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

კომენტარები