კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის გამო საქართველოში მოქმედი შეზღუდვები - ჩამონათვალი

noflytripping.wordpress.com

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსის გამო მოქმედ შეზღუდვებსა და გამონაკლისებზე ისაუბრა, რომელიც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს.

  • ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა - საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო;
  • ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროების შემთხვევაში და ხელისუფლებასთან შეთანხმებით.
  • ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.
  • ჩერდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს.
  • ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით.
  • თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა: M2 კატეგორიის (სამარშრუტო ტაქსი) ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. *ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანებზე

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 67 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 9 პირი გამოჯანმრთელდა, მათგან 8-მ უკვე დატოვა კლინიკა.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ჩამოთვლილის გარდა, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიებზე სხვა დამატებითი შეზღუდვებიც არის დაწესებული.

ცნობისთვის, 23 მარტიდან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. მოსახლეობას გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად შეუძლია. მიზეზი მარნეულში მცხოვრები 60 წელს გადაცილებული ქალია, რომელსაც კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა.

ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში [როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი - წლისთავი] მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩასული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია მისი 90-ზე მეტი კონტაქტი, თუმცა, "რაოდენობა კიდევ უფრო მეტია". ინფიცირებულის კონტაქტების სავარაუდო კონტაქტები კი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, 1700-ს აღწევს.

კომენტარები