კორონავირუსი

ბოლო ერთ დღეში იტალიაში კიდევ 793 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 6557 ახალი შემთხვევა

GETTY IMAGES

ბოლო 24 საათში კორონავირუსით იტალიაში კიდევ 793 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 6557 ახალი შემთხვევა. ეს ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, ერთ დღეში დაინფიცირების და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

21 მარტის მონაცემებით, ჯამურად იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 4 825-ია, ინფიცირებულთა კი - 53,578. აქედან 6,072 გამოჯანმრთელდა. ქვეყანას კორონავირუსისგან ყველაზე მეტი დაღუპული ჰყავს. იტალიამ 19 მარტს გადაუსწრო ჩინეთს, საიდანაც დაიწყო ეპიდემია და სადაც 3 255 პირია გარდაცვლილი.

ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით დაავადებული 42 681 ადამიანიდან 2,857-ის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. 21 მარტიდან, ლომბარდიაში, იტალიის კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, ჩაკეტვის ზომების გატარების უზრუნველყოფაში სამხედროებიც ჩაერთვნენ. იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს. 

მსოფლიოში კორონავირუსი 297,457 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა - 12,777, ხოლო გამოჯანმრთელდა - 94 584.

კომენტარები