კორონავირუსი

იტალია ლომბარდიაში ჩაკეტვის ზომების უზრუნველსაყოფად სამხედროებს გამოიყენებს

ლომბარდიაში, იტალიის კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, ჩაკეტვის ზომების გატარების უზრუნველყოფაში სამხედროებიც ჩაერთვებიან.

ლომბარდიის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ 20 მარტს განაცხადა, რომ მთავრობა დათანხმდა, მის რეგიონში შეიარაღებული ძალები ამ მიზნით გამოიყენოს.

"მოთხოვნაზე თანხმობა მივიღეთ ... ლომბარდიაში 114 ჯარისკაცი იქნება. ეს ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა, მაგრამ პოზიტიური ამბავია," - თქვა მან.

Reuters-ის ცნობით, ლომბარდიამ მთავრობას ასევე მიმართა მოთხოვნით, კიდევ უფრო გამკაცრდეს უკვე არსებული შეზღუდვები, რაც ეხება არასასიცოცხლო მნიშვნელობის კომერციული აქტივობებსა და შეკრებების აკრძალვას.

"საუბედუროდ, ტენდენციის ცვლილებას ვერ ვხედავთ, რიცხვები კვლავ იმატებს," - თქვა ფონტანამ.

CNN-ის ცნობით, ლომბარდიაში მყოფი სამხედროები აქამდე ქუჩებში ზოგად უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.

ბოლო 24 საათში იტალიაში კიდევ 627 ადამიანი გარდაიცვალა. ეს გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, რაც კორონავირუსის გავრცელების შემდეგ რომელიმე ქვეყანაში აღრიცხულა.

20 მარტის მონაცემებით, ჯამურად იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 4 032-ია, ინფიცირებულთა კი - 47 021. აქედან 5,129 გამოჯანმრთელდა. ქვეყანას კორონავირუსისგან ყველაზე მეტი დაღუპული ჰყავს. იტალიამ 19 მარტს გადაუსწრო ჩინეთს, საიდანაც დაიწყო ეპიდემია და სადაც 3 245 პირია გარდაცვლილი.

კომენტარები