გლობალური ეკონომიკა

ესტონეთის ფინანსთა სამინისტრო: ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ფაზაში შევიდა

ესტონეთის ფინანსთა მინისტრმა, მარტინ ხელმემ განაცხადა, რომ ქვეყანა ახალი ეკონომიკური კრიზისის ფაზაში შევიდა. ფინანსთა მინისტრის კომენტარს ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"რიცხვები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ესეთი მკვეთრი ვარდნა ესტონეთში 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა. საწარმოების ბალანსზე არსებული ფინანსები მკვეთრად შემცირდება, ბანკები კრედიტებისთვის დამატებით გარანტიებს მოითხოვენ, საწარმოები, რომლებიც სტაბილურობას ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ინარჩუნებენ, ამის გაკეთებას ვეღარ შეძლებენ", — განაცხადა მარტინ ხელმემ. 

ხელმემ განაცხადა, რომ ესტონეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კრიზისისგან გამოწვეული ზარალის მინიმიზაციისთვის, თუმცა მისი თქმით მომავლის სურათის პროგნოზირება ამ დროისთვის შეუძლებელია. 

ხელმემ, ასევე, ისაუბრა ევროპული ეკონომიკების მდგომარეობაზე. მისი თქმით, დიდი სავალო ტვირთისა და შემცირებული კონკურენტუნარიონობის გამო ევრუპული ეკონომიკები ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში არიან, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს. 

გლობალური ეკონომიკური სურათი მნიშვნელოვნად გაუარესდა ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო. წინა კვირაში გამოქვეყნდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის [OECD] კვლევა. 

კვლევის მიხედვით, კორონავირუსის გამო 2020 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა განახევრდეს. წინა კვირაშივე გამოქვეყნდა ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ მომზადებული კვლევაც, რომლის მიხედვითაც ყველაზე ცუდ სცენარში წელს გლობალური ეკონომიკა 2,7 ტრილიონ დოლარს იზარალებს, ხოლო ეკონომიკური ზრდა ნულზე დავა.

კომენტარები